„ხალხის ძალა“: დარწმუნებულები ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს

დარწმუნებულები ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის – „ხალხის ძალა“ განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები: სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
მათი თქმით, საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება.
როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო.
სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის მორიგი გზავნილი „ისფედის“ მიერ ხმების პარალელური დათვლის შედეგების გაყალბების შესახებ. ქალბატონმა დეგნანმა ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას „უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება“ უწოდა და თქვა, „ისფედის“ მიერ შეცდომის იდენტიფიცირება მალევე მოხდაო. საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ერთიც და მეორეც უმძიმესი ტყუილია. ამასთან, შეუძლებელია, ამის თაობაზე ინფორმაცია ელჩს არ ჰქონდეს და მხოლოდ უნებლიეთ ცრუობდეს.
რაც შეეხება „უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებას“. ხმების პარალელურ დათვლას, იგივე „პივიტის“, აქვს ცდომილების დასაშვები ფარგლები, რაც „ისფედის“ მეთოდოლოგიის მიხედვით, 0,7 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ არჩევნების ოფიციალურ შედეგებსა და „პივიტის“ შედეგებს შორის სხვაობა 0,7 პროცენტზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. „ქართული ოცნების“ შემთხვევაში, ცესკოს და „პივიტის“ მონაცემებს შორის დაფიქსირდა 2,4-პროცენტიანი სხვაობა, რაც ნიშნავდა, რომ ან არჩევნები იყო გაყალბებული ან „პივიტი“. აქვე შეგახსენებთ, რომ 2,4 პროცენტი დაახლოებით 50 ათასი ხმაა და „პივიტის“ ამდენი ხმით გაყალბება უმნიშვნელო სტატისტიკურ ცდომილებად ვერანაირი მათემატიკით ვერ ჩაითვლება. ბუნებრივია, 2,4-პროცენტიან ცდომილებაზე დაყრდნობით, რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები არჩევნების გაყალბებაზე საუბრობდნენ, თუმცა, საბოლოოდ გაირკვა, რომ არჩევნების ნაცვლად, „პივიტი“ იყო გაყალბებული.
რაც შეეხება იმას, რომ, თითქოს, „ისფედის“ მიერ ცდომილების იდენტიფიცირება მალევე მოხდა. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა „პივიტის“ ცდომილებაზე პირველად ჯერ კიდევ 3 ნოემბრის ბრიფინგზე ისაუბრეს. ამის შემდეგ, „პივიტის“ თემაზე შედგა არაერთი შეხვედრა როგორც „ისფედის“ ხელმძღვანელობასთან, ისე ამერიკულ მხარესთან. „ისფედის“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ტელევიზიით ისიც აღიარა, რომ საელჩოს „პივიტის“ ცდომილების შესახებ ინფორმაცია სულ მცირე ნოემბრის ბოლოს ქონდა. ასეთ პირობებში, სრულიად გამაოგნებელია, რატომ არ მოხდა „პივიტის“ სიყალბის აღიარება 11 დეკემბრამდე და რატომ აგრძელებდა საელჩო პარტიებს შორის მოლაპარაკებების მოდერაციას იმ დროს, როდესაც ის სიყალბეზე უკვე სრულად იყო ინფორმირებული. ჩვენთვის ამ ყველაფრის მიზეზი ნათელია – ხელოვნური პოლიტიკური კრიზისი და პოლიტიკური მოლაპარაკებები, რომლებიც „პივიტის“ გაყალბების პირმშო იყო, სწორედ საელჩოს მიერ იყო ჩაფიქრებული და ხელოვნურად თავსმოხვეული.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ „პივიტისთან“ ერთად, „ისფედმა“ გააყალბა კიდევ ერთი მონაცემი 8-პროცენტიანი უარყოფითი დისბალანსის შესახებ, რომელსაც, „ისფედისვე“ დასკვნით, არჩევნებზე 4,1 პროცენტის მოცულობის გავლენაც კი შეიძლებოდა ჰქონოდა. მთლიანობაში, „ისფედმა“ „ქართულ ოცნებას“ ხმების პარალელურ დათვლაში 45,8 პროცენტი დაუწერა და ამას 4,1 პროცენტსაც თუ გამოვაკლებდით, გამოდიოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ არა 48,2, არამედ 41,7 პროცენტი შეიძლება მიეღო. შეგახსენებთ, რომ სწორედ „ისფედის“ ფეიკებზე დაყრდნობით ცდილობდა ნიკა გვარამია, მის მიერ გაყალბებული ეგზიტპოლი და ამ ეგზიტპოლში წარმოდგენილი „ქართული ოცნების“ 41-პროცენტიანი შედეგი არჩევნების რეალურ შედეგად გაესაღებინა. მოგვიანებით, დადგინდა, რომ უარყოფითი დისბალანსის მაჩვენებელი 1 პროცენტსაც კი არ შეადგენდა, თუმცა, „ისფედს“ ეს სიყალბე დღემდე არ უღიარებია.
ასევე, სრულიად გამაოგნებელი იყო ელჩის განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაცია „სირცხვილიას“ მიერ გავრცელებული პოლიტიკური შინაარსის კლიპის შესახებ, რომლის გამოც „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები დაჯარიმდნენ. როგორც ცნობილია, არასაარჩევნო პერიოდში ტელევიზიებში პოლიტიკური რეკლამის განთავსება აკრძალულია. „სირცხვილიას“ კლიპი კი, თავისი შინაარსით, პოლიტიკურიც იყო და რევოლუციურიც. როდესაც ასეთი კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურად დაჯარიმებას აპროტესტებ, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რევოლუციური სცენარი სწორედ საელჩოს მიერ არის მოფიქრებული და დაორგანიზებული. კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ქალბატონ დეგნანს აღიარებითი ჩვენებისთვის.
როდესაც ელჩი „სირცხვილიას“ უკანონო პოლიტიკურ-რევოლუციური კლიპის გამო ტელევიზიების ლეგიტიმურ დაჯარიმებას აპროტესტებს, „პივიტის“ გამყალბებელ ენჯეოს ხელს აფარებს, საქართველოს ხელისუფლების საშინაო და საგარეო ლეგიტიმაციას ეჭვქვეშ აყენებს და ამ ეჭვის გასამყარებლად, არაერთგზის უხეშად ტყუის, სრულიად ცხადია, რასთანაც გვაქვს საქმე. საელჩო ვერ ეგუება საქართველოს სუვერენულ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას ომისკენ არ ექაჩება. ეჭვი არ გვეპარება, რომ ასეთი ხელისუფლების გადასატრიალებლად საელჩო ყველაფერს იკადრებს და ბევრად უფრო მძიმე ნაბიჯებზეც კი წავა, ვიდრე ეს „პივიტის“ გაყალბება იყო.
თუმცა, დარწმუნებული ვართ, სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალა ქვეყნის სუვერენიტეტს მყარად დაიცავს და ქვეყანაში არეულობის შემოტანისა და მისი ომში ჩათრევის შესაძლებლობას არავის მისცემს“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები