ზინაიდა კვერენჩხილაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა – კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს საქართველოს სახალხო არტისტის შემოქმედებასა და ღვაწლს ქართული კულტურისა და თეატრის განვითარებაში

დღეს საქართველოს სახალხო არტისტს, გამოჩენილ ქართველ მსახიობს, ზინაიდა კვერენჩხილაძეს 90 წელი შეუსრულდებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყება პატივს მიაგებს ზინაიდა კვერენჩხილაძის შემოქმედებასა და ღვაწლს ქართული კულტურისა და თეატრის განვითარებაში.

„ზინაიდა კვერენჩხილაძე დრამის თეატრის ლეგენდარული და პროფესიონალი მსახიობი, უდიდესი ტრაგიკოსი და მხატვრული სიტყვის დიდოსტატი გახლდათ. იგი ჩვეული არტისტიზმით, მაღალი ტემპერამენტითა და განუმეორებელი ტემბრით კითხულობდა ქართული პოეზიის შედევრებს. იგი ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობასაც, სასცენო მეტყველებისა და მსახიობის ოსტატობის მიმართულებით.

ზინაიდა კვერენჩხილაძეს შემოქმედებითი ურთიერთობა აკავშირებდა ქართული თეატრის თვალსაჩინო რეჟისორებთან: დიმიტრი ალექსიძესთან, მიხეილ თუმანიშვილთან, თემურ ჩხეიძესთან, რობერტ სტურუასთან.

მან რუსთაველის თეატრის სცენაზე მრავალი შთამბეჭდავი როლი შექმნა: ლელა („ბახტრიონი“), ლიზი („წვიმის გამყიდველი“), ტურა („ჭინჭრაქა“), ელიზაბეტ პროქტორი („სეილემის პროცესი“), ანტიგონე („ანტიგონე“), ფედრა („ფედრა“), ემილი დიკინსონი („ამჰერსტის მშვენება“), მედეა („მედეა“), დედა („სისხლიანი ქორწილი“), პონსია („ვთამაშობთ ჯინს“), თამარი („მოხუცი ჯამბაზები“). იგი ასევე გადაღებულია არაერთ მხატვრულ ფილმში.

ზინაიდა კვერენჩხილაძე იყო ავტორი წიგნისა „ჩემი ანტიგონე“, რომელშიც აღწერა ანტიგონეს როლზე და ამავე სახელწოდების სპექტაკლზე მუშაობის რთული და საინტერესო პროცესი განუმეორებელი სერგო ზაქარიაძის მონაწილეობითა და მიხეილ თუმანიშვილის ხელმძღვანელობით.

აღსანიშნავია, რომ 1990 წელს, ზინაიდა კვერენჩხილაძის თაოსნობით, დმანისში თეატრ-სტუდია „ქვემო ქართლი“ დაარსდა, რომელიც პატრიოტული თემატიკის რეპერტუარით, ეროვნული ცნობიერების ამაღლებას და ქართული ენის დაცვას ემსახურებოდა.

სწორედ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელს ატარებს დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, რომელმაც 2022 წლიდან, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, ახალი ცხოვრება დაიწყო. კერძოდ: თეატრის წლიური ბიუჯეტი გაიზარდა 408 462 ლარამდე, რომელიც მანამდე 26 000 ლარის ფარგლებში მერყეობდა; ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი; თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის; მიმდინარეობს მუშაობა შენობის რეკონსტრუქციისათვის. თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი სიხარულიძესთან თანამშრომლობით კი, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე.

ინფრასტრუქტურული სირთულეების მიუხედავად, გიორგი სიხარულიძემ სამინისტროს მხარდაჭერით დადგმული სპექტაკლი „ხალდე“ ახლახან წარმოადგინა, რომელიც საუკუნე-ნახევრის წინ ხალდეველების რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ აჯანყებას ეძღვნება. სპექტაკლს 28 აგვისტოს მესტიაში, სოფელ ხალდეში იხილავენ.

გამოჩენილი ქართველი არტისტის დაბადებიდან 90 წლის აღსანიშნავად, დმანისის თეატრის ორგანიზებით და კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს, დმანისში, საიუბილეო საღამო გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ დმანისის თეატრისა და მოწვეული მსახიობები, ასევე მუსიკალური ანსამბლები. გაიმართება ზინაიდა კვერენჩხილაძის წიგნის – „მე ანტიგონე“ განახლებული გამოცემის პრეზენტაცია, რომელიც კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა. აღსანიშნავია, რომ საიუბილეო წლის ფარგლებში, კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით ასევე გამოიცემა წიგნი-ალბომი „ზინაიდა კვერენჩხილაძე – 90“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები