ადგილობრივმა მთავრობამ, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ავარიის შემთხვევაში, ევაკუაციის გეგმა განიხილა
ზაპოროჟიეს ადგილობრივმა მთავრობამ ატომურ ელექტროსადგურზე შესაძლო ავარიის შემთხვევაში ევაკუაციის გეგმა განიხილა.
უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაცია „ტელეგრამით“ ავრცელებს.
საუბარი შეეხო მოსახლეობის გაფრთხილების ორგანიზებას და ევაკუაციის შემთხვევაში შემგროვებელ პუნქტებს.
როგორც ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში აცხადებენ, უკვე შემუშავებულია მოსახლეობისთვის შესაძლო ავარიის შესახებ ინფორმაციის სწრაფად მიწოდების სისტემა და ის წესები, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები სხვადასხვაგვარი საფრთხის დროს.
ამასთან, შემუშავებულია რამდენიმე გეგმა დროებით ოკუპირებულ და კონტროლირებად ტერიტორიებზე, რაც საშუალებას იძლევა გამოთვალონ ყველა შესაძლებლობა და დაბრკოლება მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის.
„ჩვენ მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ ყველა შესაძლებლობა, რადგანაც რუსი დამპყრობლების მხრიდან რეალური საფრთხის შემთხვევაში განხილვისა და მსჯელობის დრო აღარ გვექნება“, – აცხადებენ ზაპოროჟიეს სამხედრო საოლქო ადმინისტრაციაში.
ცნობისთვის, ისტორიაში პირველად, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური დღეს უკრაინის ელექტროქსელიდან გაითიშა.