ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
ანტონ ფურცელაძის სახლის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„ბოლო დღეების მანძილზე, სხვადასხვა მედიასაშუალება დაინტერესდა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არბოში მდებარე ანტონ ფურცელაძის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეჩერებასთან დაკავშირებით.
გვსურს, საზოგადოებისათვის განვმარტოთ, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე გამოჩენილი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის, ანტონ ფურცელაძის სახლი და უნიკალური მარანი წლების მანძილზე სავალალო მდგომარეობაში, სახელმწიფოსაგან უყურადღებოდ დარჩენილი და განადგურების პირას იყო. ანტონ ფურცელაძის შთამომავლისა და სახლის მესაკუთრის მრავალწლიანი თხოვნა 2021 წელს სრულად გაიზიარა სამინისტრომ და სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელმწიფოს სრული დაფინანსებით დაიწყო.
სწორედ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით გადაწყდა წლების მანძილზე უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ანტონ ფურცელაძის მამაპაპისეული სახლის აღდგენა, რომლისთვისაც ამავე მედიასაშუალებებს არასოდეს მიუქცევიათ ყურადღება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს დაევალა. სააგენტომ სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის (შპს „სამაია 1“) შერჩევა განახორციელა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით, ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
სამწუხაროა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია არაკეთილსინდისიერად მიუდგა ამ მნიშვნელოვან საქმეს. შესაბამისად, კომპანიის მხრიდან სახელშეკრულებო პირობების დარღვევის გამო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შპს „სამაია 1“-ს 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულება შეუწყვიტა და ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებისთვის მას 28 865.20 ლარის ოდენობის პირგასამტეხლოს გადახდა დააკისრა. ასევე, კომპანიამ დაკარგა ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის (15860.00 ლარი) უკან დაბრუნების უფლება. ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გაეგზავნა მოთხოვნა შპს „სამაია 1“-ის ე.წ. შავ სიაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით.
ძეგლზე დაუსრულებელი სამუშაოების გამო შექმნილი საფრთხის აღმოფხვრის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ პროექტის ავტორ კომპანიასთან ერთად განახორციელა შეფასებითი სამუშაოები და ძირითადი პროექტიდან გამოყო გადაუდებლად აუცილებელი სამუშაოები. მომზადდა შესაბამისი ხარჯთაღრიცხვაც.
ამ ეტაპზე ხორციელდება შესაბამისი პროცედურები, რათა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მიიღოს თანხმობა გადაუდებელი აუცილებლობით წარმოშობილი ვითარების აღმოსაფხვრელად საჭირო სამუშაოების შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის გზით. გადაუდებლად აუცილებელი სამუშაოების ჩატარების შემდგომ, დარჩენილი სამუშაოების შესყიდვა განხორციელდება ელექტრონული ტენდერის მეშვეობით.
გვსურს, კიდევ ერთხელ აღვნიშნოთ, რომ ანტონ ფურცელაძის სახლი წლებია უმძიმეს და სავალალო მდგომარეობაში იყო და მესაკუთრეს მისი აღდგენისათვის საჭირო სახსრები არ გააჩნდა.
სრული ინფორმაციისათვის, იხილეთ ძეგლის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით, სახელმწიფოს მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
https://www.facebook.com/Ministryof…/posts/213811130796492