კულტურის მინისტრის მოადგილე, ირაკლი გივიაშვილი ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმს ეწვია

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე – ირაკლი გივიაშვილი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ ორგანიზაციებთან შეხვედრებს აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც მან ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი მოინახულა.
ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.
ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი 1937 წელს ბიბლიოთეკა-მუზეუმის სახით გაიხსნა, 1943 წლიდან კი, ის სახელმწიფო მუზეუმის სტატუსს ატარებს. მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის მუზეუმის პირველ დირექტორს, მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს, პლატონ კეშელავას.
სამუზეუმო კომპლექსი შედგება საგამოფენო დარბაზისა და მემორიალური ნაწილისგან, რომელშიც შედის: დიდი მწერლის მამისეული სახლი, ჭავჭავაძეების საგვარეულო კოშკი, მარანი, თონე, ბეღელი, წყლის წისქვილი და ეზო ხუთსაუკუნოვანი კაკლის ხით.
მინისტრის მოადგილემ, მუზეუმის მონახულების შემდეგ, სამუშაო შეხვედრა გამართა მუზეუმის ხელმძღვანელობასა და თანამშრომლებთან. შეხვედრაზე განიხილეს კომპლექსის განვითარების სამომავლო გეგმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები