„კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“ -კულტურის სამინისტრომ კონკურსი გამოაცხადა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი – „კულტურული ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის“.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანია: საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოზარდებისთვის ქართულ კულტურაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ისტორიულ სამშობლოსთან კულტურული კავშირების გაღრმავება და გაძლიერება, ასევე საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში კულტურული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.
„აღნიშნული პროექტი პირველად გასულ წელს განხორციელდა და, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან თანამშრომლობის შედეგად, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ირლანდიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, ბელგიასა და ავსტრიაში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლები მოიცვა. პროექტში მონაწილეობდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, საქართველოს ეროვნული გალერეა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი, საქართველოს ხელოვნების სასახლე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი. პროექტის ჯამურმა ბიუჯეტმა 50 818 ლარი შეადგინა.
სამინისტროს გადაწყვეტილებით, მიმდინარე წელს, პროექტი კონკურსის წესით განხორციელდება და მისი ბიუჯეტი 70 000 ლარს შეადგენს.
კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს. კონკურსში წარმოდგენილი პროექტის დაწყების თარიღი განისაზღვრება არაუადრეს 2022 წლის 20 სექტემბრისა, ხოლო დასრულების თარიღი – არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 1 სექტემბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი, სანაპიროს ქ. N4, მატერიალური სახით, ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge, ელექტრონული დოკუმენტის სახით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
დამატებითი ინფორმაცია დაფინანსების წესის შესახებ, ფორმულარები და საკონკურსო პირობები იხილეთ შემდეგ ბმულებზე:
დაფინანსების წესი: https://cutt.ly7PGB6Oh
ფორმულარები: https://cutt.ly/ePGNsau