ირაკლი კობახიძე: არ მინდა, პოლემიკაში შევიდე ქალბატონ ელჩთან – ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რაც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით

“არ მინდა, ზედმეტად შევიდე პოლემიკაში ქალბატონ ელჩთან, თუმცა, ვიტყვი, რომ ნამდვილად დასანანია ის განცხადებები, რომლებიც კეთდება ISFED-თან დაკავშირებით PVT-ის გაყალბების საკითხზე. არ შეიძლება, ამ მნიშვნელოვან ფაქტს, როგორიც იყო PVT-ის გაყალბება, ეწოდოს უმნიშვნელო სტატისტიკური ცდომილება”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

მისივე თქმით, კონკრეტული ორგანიზაციები რევოლუციური სცენარით იყვნენ დაინტერესებულნი.

„რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ განცხადებას, რომელიც გააკეთა ქალბატონმა ელჩმა, თითქოს, სამართლიანად არ იყო შეფასებული ეს არჩევნები. შეგახსენებთ, როგორც ეუთო/ოდირ-ის, ასევე, ყველა სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის ანგარიშში პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ ეს არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. რაც შეეხება სიტყვა სამართლიანს ეს ტერმინოლოგია არის ამოღებული ზოგადად, როგორც ეუთო/ოდირის ასევე სხვა საერთაშორისო მისიების პრაქტიკიდან, მაგრამ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები ნიშნავს იმას, რომ ეს არჩევნები იყო სამართლიანი. რაც შეეხება ხარვეზებს, რომლებზეც იყო საუბარი ამ ანგარიშებში. შეგახსენებთ, რომ ეუთო/ოდირის შესაბამის ჩანაწერებშიც იყო მითითებები იმ ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებზე, რომლებმაც გააყალბეს PVT, კარუსელი არსად არ იყო ნახსენები. ეს იყო სამწუხაროდ მორიგი მცდარი ინფორმაცია, რომელიც გავრცელდა. არ ვიცი, ვინ შეიყვანა ელჩი დღეს შეცდომაში, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იყვნენ კონკრეტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც იყვნენ დაინტერესებული რევოლუციური სცენარით. რატომ იყვნენ დაინტერესებული, ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ორიოდე თვის წინ, როდესაც ISFED-ი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ პირდაპირ აღმოჩნდნენ რადიკალური ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქციის სცენაზე. ყველაფერი არის დღესავით ნათელი. გაყალბდა PVT, გაყალბდა მონაცემები არჩევნების გაყალბების შესახებ და ა.შ. რაც ემსახურებოდა თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის რევოლუციური სცენარის განხორციელებას. ამას ხელის დაფარება არ სჭირდება, ამას სჭირდება აღიარება. აღიარება არის საუკეთესო გზა, რომ ISFED-მა და მსგავსმა ორგანიზაციებმა მინიმალურ დონეზე მაინც გამოისწორონ საკუთარი რეპუტაცია“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები