სანამ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული, საჭიროა, კიდევ უფრო გაიზარდოს საერთაშორისო ზეწოლა და ფასი პუტინისა და მისი თანამოაზრეებისთვის, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიევში მიმდინარე „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.
„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ დაჟინებული მტკიცება, რომ ყირიმი არის უკრაინა; ისევე, როგორც დონეცკი და ლუგანსკი არის უკრაინა; ისევე, როგორც უკრაინის ნებისმიერი სხვა ნაწილი არის უკრაინა. ეს იყო ჩვენი პოზიცია 2014 წელს, ეს არის ჩვენი პოზიცია 2022 წელს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ საერთაშორისო ზეწოლისა და ფასის გაზრდა პრეზიდენტ პუტინისა და მისი თანამოაზრეებისთვის, ვიდრე უკრაინელი ხალხისა და მათი სუვერენული ქვეყნის უფლებები სათანადოდ არ იქნება დაცული“, – განაცხადა ბლინკენმა.
ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზი გაუსვა უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული და დიპლომატიური დახმარების გაგრძელების აუცილებლობას, რომლებიც გაბედულად იცავენ თავიანთ უფლებებს. ასევე, ბლინკენმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.