რადიშ თორდიას დაბადების დღე და „ბაბუაწვერები“
21 აგვისტოს რადიშ თორდიას 86 წელი შეუსრულდა. ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ულოცავს მხატვარს დაბადების დღეს.
დაიბადა 1936 წლის 21 აგვისტოს აბაშაში. 1953-1957წწ. სწავლობდა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო ტექნიკუმში; დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია 1962 წელს.
1962 წლიდან მონაწილეობს სამხატვრო გამოფენებში.
„რადიშ თორდიას სტილისტურ ხელწერას განაპირობებს ერთი ფერის გრადაციით მიღწეული მონოქრომული სასურათე სიბრტყე, რომელშიც ლოკალიზებულია კონტრასტული ფერების მონასმებით მოდელირებული ფიგურები. პორტრეტებში, პეიზაჟებსა თუ ყოფით სცენებში წამის ფიქსაცია და ზომიერი განათების მოდელირება წამყვანია. თორდიას ნამუშევრებში, თემატურად მარტივ სცენებში ჩერდება დრო, როგორც ფლუიდური მოცემულობა. რეალისტური სცენა ხდება მეხსიერების ეფემერული ფრაგმენტი, ხოლო ნახატებში ქმედითი ფიგურების ყოფა მთლინდება ისეთ ეგიზისტენციებთან, როგორებიცაა: სიკვდილი, მარტოობა, სევდა, სიყვარული“, – ნათქვამია ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში..