გიორგი ცუცქირიძე: სარეკორდო ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე და გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა

“ეკონომიკური ზრდის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის თუ რამდენად აისახება ზრდა შრომის ბაზარზე, უმუშევრობის შემცირებაზე და შემოსავლებზე”,- ამის შესახებ ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში სარეკორდო ეკონომიკური ზრდის შემდეგ, 2022 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად შემცირდა უმუშევრობის დონე და გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, რაც ასევე მიუთითებს, რომ ზრდა მეორე კვარტალშიც მაღალი იქნება.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მე-2 კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 18.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო უმუშევართა რაოდენობა 63.0 ათასით შემცირდა და 281.6 ათასს გაუტოლდა.

ამასთან, დასაქმებულთა რაოდენობაც მნიშვნელოვნად – 55.4 ათასით გაიზარდა და 1,269.9 ათასი შეადგინა. დასაქმების დონე კი 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 42.2 პროცენტით განისაზღვრა.

შრომის ბაზარზე პოზიტიური ტენდენციების ამსახველია დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების ზრდით, სადაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა( 36.2 ათასით არის გაზრდილი) თითქმის 2 ჯერ აღემატება თვითდასაქმებულთა რაოდენობას რაც 19.4 ათასით გაიზარდა.

უმუშევრობის დონის შემცირება იმ თვალსაზრისითაც არის საინტერესო, რომ იგი შემცირდა როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში, როგორც ქალაქად ასევე სოფლად. კერძოდ, უმუშევრობის დონე ქალებში 3.8 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო კაცებში 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.5 პროცენტს გაუტოლდა.

ამასთან, დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.6 და 2.9 პროცენტული პუნქტით.

მთლიანობაში კი 2022 წლის მე-2 კვარტალში უმუშევრობის დონე ქალაქად და სოფლად 3.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და შესაბამისად 20.2 და 15.1 პროცენტი შეადგინა.

შედარებისთვის, უმუშევრობის წლიური მაჩვენებელი 2010-2012 წლებში 27%_ის ფარგლებში იყო., ხოლო გასული წლის ბოლოს 20.6 % შ შეადგენს.

უმუშევრობის დონე შემცირებულია მიმდინარე წლის პირველ კვარტალთან შედარებითაც, როდესაც უმუშევრობის მაჩვენებელი 19.4% იყო, მეორე კვარტალში როგორც ვხედავთ 18.1%-ია.

შესაბამისად, წლიურ მაჩვენებელში შარშანდელთან შედარებით კიდევ უფრო მეტად არის შემცირება მოსალოდნელი და თუ ზრდის მაღალ მაჩვენებელს მივიღებთ მხედველობაში სავარაუდოდ 2019 წლის ისტორიულ მინიმუმზე დაბლა იქნება, როდესაც უმუშევრობის დონემ 17.6 პროცენტი შეადგინა!

ეს არის ნათელი მაგალითი თუ როგორ პოზიტიურად აისახება მაღალი ზრდის აქტივობა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დასაქმებაზე და უმუშევრობის შემცირებაზე!”,- წერს ცუცქირიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები