გივი მიქანაძე: რთულია ეროვნულ თანხმობაზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აქციებს აანონსებენ
“ძალიან რთულია ეროვნულ თანხმობაზე საუბარი იმ ფონზე, როდესაც რადიკალური ოპოზიციის ლიდერები აქციებს აანონსებენ”,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიცია პოლარიზაციის გაღრმავებას ცდილობს.
“ცდილობენ რადიკალიცაზიას, როდესაც ამბობენ, რომ რევოლუციაც მისაღებია, შენობების აღებაც. ამ ფონზე ეროვნული თანხმობის მიღწევა ურთულეს ამოცანას წარმოადგენს. მე არ ვიცი, პრეზიდენტი რა სტრატეგიით აპირებს ამ კუთხით მოქმედებას, მაგრამ რეალურად, უბრალოდ დაველოდებით მოვლენების განვითარებას. მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ის, რომ ყველა ძალა ამ ქვეყნის შვილები ვართ – ამ ქვეყნის საკეთილდღეოდ უნდა გავერთიანდეთ, მაგრამ თუ ეს კვლავაც დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ როგორმე ხელისუფლება უკანონოდ ჩაიგდონ ხელში, ეს გაერთიანება ვერ მოხდება. რეალურად ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მომართულია იმისკენ, რომ ამ პოლარიზაციის გაღრმავებას კიდევ უფრო შეუწყოს ხელი”,- განაცხადა მიქანაძემ.