პოლიციამ მარნეულის მუნიციპალიტეტში განზრახ მკვლელობისთვის 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული რ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში, წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკების შემდეგ, მეზობლად მცხოვრებ – 1991 წელს დაბადებულ ი.ა.-ს დანის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. პოლიციამ რ.ბ., ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აცხადებენ შსს-ში.