გურამ მაჭარაშვილი: დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს
“დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად გავრილოვის ღამედ არ უნდა მოიხსენიებდეს, ასევე ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს”,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებების შეფასებისას აღნიშნა.
მისივე თქმით, როდესაც საუბრობ 20 ივნისის მოვლენებზე მხოლოდ ხელისუფლებისთვის ნეგატიურ კონტექსტში და არ ამბობ შტურმს საქართველოს პარლამენტზე – ეს ნიშნავს იმას, რომ ფაქტებს ამახინჯებ, და ეს არა მხოლოდ დიპლომატიური არ არის, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა.
“ჩვენ არა ერთხელ აღვნიშნეთ, რომ თუ მის ქვეყანაში – შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ ასე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ საჯაროდ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის გამოშვებას ციხიდან, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტზე შტურმს”,- განაცხადა მაჭარაშვილმა.