პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს

პრეზიდენტი გამოდის ინიციატივით, რომ ორბელიანების სასახლეში რეგიონების კვირეული გაიმართოს, სადაც ყველას, მონაცვლეობით ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი რეგიონი რომელიმე პროდუქციის გამოფენით, კონცერტებით, სახელოვნებო გამოფენებით, თუ რაიმე თემაზე საუბრებით.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს ინიციატივა პრეზიდენტმა დღეს სამეგრელოში ქალ ბიზნესმენებს, ახალგაზრდებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში გამართულ შეხვედრაზე გააცნო. პრეზიდენტი ზუგდიდის ტექნოლოგიური პარკის ფაბლაბი დაათვალიერა და ტექნოპარკის შესაძლებლობებს გაეცნო, რომელიც რეგიონის ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს ინოვაციური და სტარტაპ იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ, ხოლო ადგილობრივ მოსახლეობასა და ბიზნესს ძნელად ხელმისაწვდომი ტექნოლოგიები გამოიყენონ.

„ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია რეგიონების განვითარება. თქვენ რეალურ ძალასა და იმედს წარმოადგენთ.

ჩვენ ახლა ევროკავშირში ინტეგრაციის ბოლო ეტაპისთვის ვემზადებით და ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების ჩართულობა და მონაწილეობა. ჩვენ წინაშე არსებულ ბევრ რეკომენდაციაში რეგიონების როლი საკმაოდ გამოკვეთილია – თვითმმართველობა, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობა და ამ ყველაფრისთვის თქვენ ხართ საჭირო.

ძალიან დიდია მთავრობის პასუხისმგებლობა, მაგრამ როგორიც არ უნდა იყოს მათი პასუხისმგებლობა, საზოგადოების გარეშე არაფერი კეთდება, ეს არის დემოკრატიის პირველი და მთავარი პრინციპი. ამიტომ, თქვენც ატარებთ თქვენს წილ პასუხისმგებლობას და თქვენი ინიციატივების გარეშე, ბევრი რამ ვერ გაკეთდება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

შეხვედრის მონაწილეებმა პრეზიდენტს ადგილობრივ დონეზე არსებული გამოწვევების შესახებ საკუთარი ხედვები გაუზიარეს.

მარი ბენდელიანმა, რომელიც პანდემიის დროს თბილისიდან ზუგდიდში გადავიდა და ნარჩენების მართვის სოციალური საწარმო შექმნა, აცხადებს, რომ პრეზიდენტთან ასეთი პირისპირ შეხვედრები მნიშვნელოვანი და საჭიროა, რათა გაჟღერდეს რეგიონში მცხოვრები ადამიანების, მეწარმეების, ქალების, ახალგაზრდების ხმა და მივიდეს იქ, სადაც საჭიროა და სადაც გადაწყვეტილებების მიიღება.

ბერტა ფონ ზუტნერის მშვიდობის პრემიის დამაარსებლის, სალომე ადამიას განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პირდაპირი კომუნიკაცია რეგიონის ახალგაზრდებთან, ქალებთან, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და ძალიან მიხარია, რომ პრეზიდენტი ამკვიდრებს ამ პრაქტიკას და ამ ფორმატში უშუალოდ ცდილობს გაარკვიოს დღის წესრიგის ის საკითხები, რაც დგას რეგიონის მოსახლეობის წინაშე და გამართოს ამ ტიპის დიალოგი.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა შეხვედრის მონაწილეებს ღია და ძალიან საინტერესო საუბრისათვის.

შეხვედრაზე დამსწრე მეწარმეების ნაწილმა პრეზიდენტს თავისი პროდუქციაც წარუდგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები