“კელი დეგნანი დაუპირისპირდა სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი, მათ 20 ივნისი პარლამენტში შეჭრის მცდელობად შეაფასეს, ელჩი კი იყენებს ტერმინს „გავრილოვის ღამე“, რომელიც პოპულარულია ოპოზიციაში” – სოზარ სუბარი

პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯებია, როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს, როგორიცაა პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები, პარლამენტის არცნობა, პარალელური მთავრობის შექმნა, ტექნიკური მთავრობის შექმნა, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„გაოცებული ვარ, რომ ამჯერად უკვე ქალბატონი დეგნანი დაუპირისპირდა თვით ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციასაც კი. მათ პირდაპირ შეაფასეს 20 ივნისის ღამე, როგორც შეჭრის მცდელობა საქართველოს პარლამენტში. დეგნანი იყენებს ტერმინს, რომელიც ძალიან პოპულარულია ოპოზიციაში და გავრილოვის ღამეს უწოდებს. ძალიან მაინტერესებს დეგნანის პოზიცია, ანუ მას მიაჩნია თუ არა გამართლებულად პოლიციელებზე თავდასხმა, მიაჩნია თუ არა, რომ ადგილი ჰქონდა პარლამენტში შეჭრას, იყო თუ არა ამისთვის მოწოდებები. ამ ყველაფერზე საქმე იყო აღძრული და ეს ყველაფერი ფაქტებით არის დადასტურებული. დეგნანის ამ განცხადებით კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ის იწონებს მთელ ამ ქმედებებს, ემიჯნება ამერიკის სახელმწიფი დეპარტამენტის პოზიციას. მეორე მხრივ, ეს განცხადება არის დადასტურება იმისა, რასაც ჩვენ გუშინ ვამბობდით ჩვენს განცხადებაში, აშშ-ის ელჩის ძალიან სერიოზული ძალისხმევა იყო ჩადებული იმაში, რომ 20 ივნისის ღამის დამნაშავეები, რომელთაც ბრალი ჰქონდათ წარდგენილი, გაეთავისუფლებინათ ციხიდან“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, კელი დეგნანის მხრიდან არ ყოფილა ძალისხმევა, რომ ოპოზიციას ეცნო არჩევნები და პარლამენტში შესულიყო.

„რაც შეეხება პოლარიზებას, პოლარიზებაში ხელისუფლების დადანაშაულება მაშინ, როდესაც არჩევნებში,, რომელიც მთელმა სადამკვირვებლო მისიებმა, ყველა საერთაშორისო მისიამ ცნო, როგორც სამართლიანი, თავისუფალი, ყოველგვარი გაყალბების გარეშე, ეს არჩევნები მაინც არ ცნო ოპოზიციამ და თვეების განმავლობაში არ შედიოდა პარლამენტში. კელი დეგნანის მხრიდან არ ყოფილა არანაირი ძალისხმევა მიმართული იმისკენ, რომ ოპოზიციას ეცნო ეს არჩევნები და ისინი შესულიყვნენ პარლამენტში. მისი ძალისხმევა მართლაც საკმარისი იქნებოდა, რათა ოპოზიცია ხმისამოუღებლად შესულიყო პარლამენტში. ეს არის პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები, როდესაც კელი დეგნანი არ ემიჯნება ანტიკონსტიტუციურ მოწოდებებს, როგორიცაა პარლამენტში შეჭრისკენ მოწოდებები და პარლამენტის არცნობა, პარალელური მთავრობის შექმნა, ტექნიკური მთავრობის შექმნა და ა.შ“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, პოლარიზაცია გადასალახია, თუმცა ეს მხოლოდ ქართული ფენომენი არ არის და სხვა ქვეყნებშიც ხდება, მათ შორის აშშ-ში.

„როდესაც ჩვენს პარტნიორებს ვუსმენთ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს პოლარიზაცია ქართული პოლიტიკური ფენომენია და სხვაგან პოლარიზაცია არსად ხდება. ის, რაც ხდება, მაგალითად, აშშ-ის პოლიტიკაში 2016 წლიდან მოყოლებული, მსგავსი პოლარიზაცია ძალიან ცოტა სხვა ქვეყანაში შეიძლება, იყოს. იგივე შეგვიძლია, ვთქვათ, თუნდაც მოლდოვაზე, უკრაინაზე აღარაფერს ვამბობ, რადგან ამ წუთში ომის ვითარებაა და პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტია აიკრძალა, შეეზღუდათ მანდატები პარლამენტის ოპოზიციონერ წევრებს, დაიხურა ოპოზიციური ტელეარხები. ნურავინ წარმოიდგენს იმას, რომ პოლარიზაცია მხოლოდ ქართული ფენომენია. პოლარიზაცია რომ არის, ეს ძალიან ცუდია, ეს გადასალახია, თუმცა ამ გადალახვას სჭირდება არა წახალისება, არამედ – მოწოდება, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ თუნდაც იმ 12-პუნქტიან გეგმაზე, რომლის შედეგებზე მე სკეპტიკური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ ყველა შემთხვევაში უნდა შესრულდეს. როდესაც ოპოზიცია პრაქტიკულად არ მონაწილეობს მუშაობაში და დამოუკიდებლად ქმნის ჯგუფებს არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად და ისევ არ არის მკაფიო სიგნალები არც ამერიკის ელჩისგან და არც საელჩოდან, რომ ეს არის მიუღებელი და ყველა უნდა შევიდეს საპარლამენტო ჯგუფებში, ესეც პოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი თქმით, კარგი იქნება, კელი დეგნანმა დააზუსტოს, რა არის ანტიდემოკრატიული ქმედებები.

„როდესაც კელი დეგნანი ამბობს, რომ პოლარიზაციის მიზეზი გავრილოვის ღამესთან ერთად არის შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები, გასაგებია, რომ ანტიდემოკრატიულ ქმედებებში არ უგულისხმია ოპოზიციის ქმედებები. კარგი იქნება, მან დააზუსტოს, რა არის ეს ანტიდემოკრატიული ქმედებები, რომლებიც იწვევს საქართველოში პოლარიზაციას. ეს არის ძალიან სერიოზული ბრალდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება კითხვებს, რაც ჩვენ გუშინ დავსვით, თითოეული ამ კითხვის უკან დგას ძალიან კონკრეტული დასაბუთება, რომ ეს არის ლეგიტიმური კითხვები და ამას პასუხები სჭირდება. მაგალითს ვიტყვი, როდესაც საქართველოს პარლამენტს დავალებას პირდაპირ აძლევს ელჩი და საელჩო, რომ მოხდეს უზენაესი სასამართლოს სამი წევრის დანიშვნა უვადო მოსამართლეებად, კონკურსის გარეშე თუ როგორ, არ ვიცი, ქვეყნის სუვერენიტეტში, ქვეყნის უფლებამოსილებებში და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებებში ძალიან უხეში და სერიოზული ჩარევაა, რაც არის მიუღებელი. მექნება კითხვა პარლამენტის წევრებთან, უმრავლესობიდანაც და ოპოზიციიდანაც, მიაჩნიათ თუ არა მათ, რომ ასეთი მოწოდებები, ინსტრუქციები არის უხეში ჩარევა, რამდენად არის შესაძლებელი საელჩოს განცხადების, წერილის საფუძველზე მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა. მსგავსი კითხვები ჩვენს წერილში გუშინაც დაისვა და ძალიან კარგი იქნება, ამაზე პასუხი გასცენ საქართველოს პარლამენტის წევრებმაც“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები