კულტურის სამინისტრო ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს 85 წლის იუბილეს ულოცავს

დღეს ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეული ოსტატი და ლოტბარი, ტრისტან სიხარულიძე 85 წლის გახდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ულოცავს მას იუბილეს და ინფორმაციას აქვეყნებს.
„ტრისტან სიხარულიძე, მომღერალი გვარისა და ოჯახის ტრადიციების ღირსეული გამგრძელებელია. მისი მამა, ილარიონ სიხარულიძე, ვარლამ სიმონიშვილის გუნდში მღეროდა.
ტრისტან სიხარულიძე გამორჩეული სტილის, მანერისა და მღერის ოსტატია. მან მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უდიდესი პოპულარიზაცია გაუწია ქართულ ხალხურ (გურულ) სიმღერას და ასახელა საქართველო.
გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დღემდე, ტრისტან სიხარულიძე აქტიურად მოღვაწეობს სამუსიკო ფოლკლორში. იგი 1965-1966 წლებში გახლდათ ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი,
დაარსების დღიდან კი, ლეგენდარული „შვიდკაცას“ განუმეორებელი მეორე ხმა (წყება) და ოზურგეთის ბიჭუნათა ანსამბლ „კრიმანჭულის“ ლოტბარი.
ასევე, ტრისტან სიხარულიძე ხელმძღვანელობდა ფოლკლორულ გუნდებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მან მოიძია და აღადგინა მივიწყებული ძველი გურული ხალხური სიმღერები. იგი ხელმძღვანელობდა იუნესკოს ეგიდით ოზურგეთში დაარსებულ გურული სიმღერა-გალობისა და კრიმანჭულის შემსწავლელ სკოლას. ანსამბლ „რუსთავთან“ ერთად ჩაწერილი აქვს საეტაპო მნიშვნელობის სიმღერები. 2000 წელს, ანზორ ერქომაიშვილთან და გური სიხარულიძესთან ერთად ჩაწერა და გამოსცა მუსიკალური ალბომი „ჩვენ მშვიდობა“, რომელიც 26 გურულ სიმღერას აერთიანებს. ასევე, ანზორ ერქომაიშვილის ინიციატივით,
გური სიხარულიძესა და ოთარ ბერძენიშვილთან ერთად გამოსცა გურული სიმღერების სასწავლო ალბომი. აღსანიშნავია, ტრისტან სიხარულიძის და ანსამბლ „ბასიანის“ მრავალწლიანი შემოქმედებითი კავშირიც.
ტრისტან სიხარულიძე არის ღირსების ორდენის კავალერი, ფოლკლორის ეროვნული პრემიის პირველი ლაურეატი, ასევე, მან მიიღო ხელოვნების ქურუმი. ფონდმა „ქართულმა გალობამ“ 2013 წელს იგი „ქართული ფოლკლორის მოამაგის“ ტიტულითა და სპეციალური პრემიით დააჯილდოვა. ამჟამად, ტრისტან სიხარულიძე ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ოზურგეთის სალოტბარო სკოლის კონსულტანტია“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები