რუსი მწერალი პრეზიდენტად იყრის კენჭს – ვინ არის ზახარ პრილეპინი და რას ფიქრობს ის აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებაზე
რუსეთის პარტია „სამართლიანი რუსეთი – პატრიოტები – სიმართლისთვის“ თანათავმჯდომარე, მწერალი ზახარ პრილეპინი მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს და კანდიდატურის წარდგენისთვის ემზადება.
ამის შესახებ „ვედომოსტის“ “სამართლიან რუსეთთან” და ქვეყნის ადმინისტრაციასთან დაახლოებულმა ოთხმა წყარომ განუცხადა.
”პრილეპინს სურს აჩვენოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია. ამისთვის ის აშენებს პარტიისგან დამოუკიდებელ სტრუქტურას და აქტიურობს რეგიონებში“, – ამბობენ “სამართლიან რუსეთში”.
15 აგვისტოს პრილეპინი რუსეთის ტერიტორიაზე მეშვიდე შტაბს გახსნის, კერძოდ, კრასნოდარის მხარეში. გარდა ამისა, მან გახსნა შტაბები ლუგანსკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკაში, ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში.
რაც შეეხება ზახარ პრილეპინის პოლიტიკურ მოღვაწეობას და შეხედულებებს, ის ალექსეი ნავალნის და სერგეი გულიაევის თანამოაზრე იყო და “უკმაყოფილოთა მარშის” შემდეგ მოძრაობა “ხალხი” დააფუძნა.
2010 წელს მწერალი იზიარებდა მოწოდებას, რომ “პუტინი უნდა წავიდეს”, რადგან ვლადიმერ პუტინი არის სისტემა, რომელიც უნდა შეიცვალოს, რადგან აუცილებელია ღია პოლიტიკური სივრცის და თავისუფალი პარლამენტის შექმნა. პრილეპინი ფიქრობდა, რომ მსჯელობებისთვის აუცილებელია ქვეყნის „პოლიტიკური გაყინვის მდგომარეობიდან“ გამოყვანა. პრილეპინი იგივე პოზიციაზე იყო 2012 წელსაც, როდესაც პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნის საპროტესტო აქციებში მონაწილეობდა.
თუმცა, უკვე 2014 წელს, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსირების შემდეგ, ზახარ პრილეპინს შეხედულებები შეეცვალა და მან თქვა, რომ ხელისუფლებასთან დაპირისპირების მიზეზი არ აქვს, რადგან ამ ხელისუფლების პირობებში რუსეთში ისეთი ცვლილება დაიწყო, რომლებზეც 90-ანი წლებიდან ოცნებოდა, “პირადი ზავი მაქვს”,- ამბობდა პოლიტიკოსი.
2017 წელს პრეზიდენტად კანდიდატურის წარდგენის მცდელობა ჰქონდა, თუმცა მაშინ შიდაპარტიულ არჩევნებში, პაველ გრუდინინმა გაიმარჯვა.
ზახარ პრილეპინი განსაკუთრებულ ყურადღებას იჩენდა ყირიმის ანექსიის და შემდგომ დონბასის საბრძოლო მოქმედებების მიმართ. 2014 წელს, როდესაც უკრაინულ-რუსული კრიზისი დაიწყო, პრილეპინს დონბასში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად დაქირავებულების მობილიზებაში ადანაშაულებდნენ, რასაც ის კატეგორიულად უარყოფდა.
2015 წელს ის დონეცკის ე.წ.სახალხო რესპუბლიკის თვითგამოცხადებული ხელმძღვანელის, ალექსანდრე ზახარჩენკოს მრჩეველი გახდა, ერთი წლის შემდეგ კი, სპეცდანიშნულების ბატალიონის მეთაურის მოადგილე.
2022 წლის 4 მარტს რუსეთის მიერ უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” კომენტირებისას პრილეპინი სოციალურ ქსელში წერდა, “ზოგიერთი ამბობს, რომ უკრაინელები ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევენ და არ უნდა დაგვეწყოო. არ ვეთანხმები, ზუსტად იმიტომ, რომ ნაცისტური ბატალიონების და უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილის წინააღმდეგობაა ძლიერი – უნდა დაგვეწყო. კიდევ ერთ წელიწადში ისინი გამოზრდიდნენ კიდევ მილიონ ახალგაზრდას, კიდევ ათ წელიწადში, კიდევ ათ მილიონს. თუ გადავხედავთ უტვინოებს, რომლებიც ავტომატებით ხელში კიევში დარბიან, არ უნდა გადავაფასოთ მასობრივი მხარდაჭერის მასშტაბები. უნდა გვესმოდეს, რომ ისტორიულად, უკრაინის ნაკლოვანებები მისივე პლიუსებია. დიახ, მათ შეეძლოთ მოლაპარაკება პოლონელებთან, თურქებთან, ავსტრიელებთან, გერმანელებთან, მაგრამ მაინც საუკეთესოები იყვნენ რუსებთან მოლაპარაკებაში. მხოლოდ უსირცხვილო რუსული ინტელიგენცია იყო დარწმუნებული წლების განმავლობაში, უკრაინის ტერიტორიაზე გაუგონარ დემოკრატიაში. ეს შეშინებული ქვეყანაა მილიონობით ადამიანთან ერთად, რომლებიც ელოდნენ ყველაფრის დასასრულს, რაც იქ ხდებოდა. მარტივი პროგნოზია – ჩვენი ინტელიგენცია სამუდამოდ გადაიყვარებს უკრაინელებს, როგორც გადაუყვარდა ჩეჩნები, ბელორუსები. რუსები კი, როგორც ჩანს, არასდროს უყვარდათ. მაგრამ ეს სხვა საუბრის თემაა”.
რაც შეეხება ზახარ პრილეპინის დამოკიდებულებას რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს აფხაზეთის და ე.წ.სამხრეთ ოსეთის რეგიონებთან მიმართებით, 2021 წლის 5 აგვისტოს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთმა უფრო მტკიცედ უნდა დაიცვას თავისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივრცეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთის ზეწოლა მხოლოდ გაიზრდება.
“სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმართ, მათ შორის დნესტრისპირეთის, ლუგანსკის და დონეცკის, არწახის მიმართ იგივე უნდა მოხდეს, რაც ყირიმის შემთხვევაში. უნდა ვაღიაროთ და მივიღოთ. და დავკიდოთ წარწერა: თემა დღის წესრიგიდან მოხსნილია. და ამას ძალიან მალე შეეგუებიან. დასავლეთი ყირიმის თემას წინა პლანზე აღარ აყენებს. ყირიმს შეეჩვივნენ. ბაიდენმა პუტინთან შეხვედრაზე სიტყვა „ყირიმი“ არც კი წარმოთქვა. როდესაც თვითონ ვხურავთ თემას – მას აღარავინ ეხება”.