საქსტატი: 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, მეორე ადგილზეა თურქეთი, ხოლო მესამეზე – სომხეთი 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 147.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით. შესაბამისად, ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციის (175.4 ათასი), თურქეთის (158.3 ათასი) და სომხეთის (136.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.

მათივე ცნობით, 2022 წლის II კვარტალში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 765.3 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 189.4 პროცენტით არის გაზრდილი. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელდა 749.3 ათასი ტურისტული ტიპის ვიზიტი, რაც 145.0 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

“2022 წლის II კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 1 1 049.4 ათასი შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. შემოსვლების უდიდესი ნაწილი, 47.0 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

ვიზიტორების უმრავლესობა, 48.5 პროცენტი, მიეკუთვნებოდა 31-50 წლამდე ასაკობრივ
კატეგორიას. ქალების რაოდენობა მთლიანი ვიზიტორების 37.0 პროცენტს შეადგენდა.

2022 წლის II კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი (52.0 პროცენტი) განხორციელდა დასვენების,
გართობისა და რეკრეაციის მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 512.7 ათასი და 375.3 ათასი ვიზიტი. 2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 6.2 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 70.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს.

2022 წლის II კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული ხარჯები 2.3 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ვიზიტზე საშუალო ხარჯმა 2 440.2 ლარი შეადგინა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები