საქართველო და მსოფლიოს 41 ქვეყანა რუსეთს ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებს

მსოფლიოს 42 ქვეყანა, მათ შორის საქართველო, რუსეთს, ზაპოროჟიეს ელექტროსადგურიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებს.

ერთობლივი განცხადება ვენაში საერთაშორისო ორგანიზაციებში ევროკავშირის დელეგაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომი უკრაინის, როგორც სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ, არის საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების უხეში დარღვევა.

ზაპოროჟიეს ატომურ ელქტროსადგურზე რუსი სამხედროების ყოფნა აფერხებს ოპერატორს და უკრაინის ხელისუფლებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების საერთაშორისო კონვენციებითა და IAEA-ს უსაფრთხოების სტანდარტებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში და ხელს უშლის IAEA-ს შეასრულოს თავისი უსაფრთხოების მანდატი.

მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი შეიარაღებული ძალები და ყველა სხვა არასანქცირებული პერსონალი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან, მისი უშუალო მიდამოებიდან და მთელი უკრაინიდან, რომ ოპერატორმა და უკრაინის ხელისუფლებამ განაახლონ თავიანთი სუვერენული მოვალეობები საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. უკრაინას და კანონიერად მომუშავე პერსონალს უნდა შეეძლოთ თავიანთი მოვალეობების შესრულება გარე ჩარევის, მუქარის ან მიუღებლად მძიმე სამუშაო პირობების გარეშე.

არ შეიძლება უარვყოთ, რომ რუსეთის შეჭრა და მისი ყოფნა უკრაინის ბირთვულ ობიექტებზე, მნიშვნელოვნად ზრდის ბირთვული ინციდენტებისა და ავარიების რისკს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ, რუსეთის მიერ დეზინფორმაციის გამოყენებას უკრაინაში მისი უკანონო ქმედებების გასამართლებლად.

საერთაშორისო თანამეგობრობა აგრესიაზე პასუხისმგებლობას რუსეთს დააკისრებს, და რუსეთმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა უკრაინაში მის უკანონო ქმედებებზე”,- ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს გარდა, მიმართვის ხელმომწერი ქვეყნებია: ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, კანადა, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, იაპონია, ლატვია, ლიხტენშტეინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ახალი ზელანდია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, კორეა, მოლდოვა, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები