“ხალხის ძალა”: გრძელდება ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა
“გრძელდება ივანიშვილის შანტაჟი შვეიცარიული ბანკის მეშვეობით, საიდანაც ომის დაწყებისთანავე გადარიცხვების შეჩერებას ამერიკის ელჩისგან მყისიერად შეხვედრის მოთხოვნა მოჰყვა”, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხის ძალას” განცხადებაშია ნათქვამი, რომლის ლიდერებიც პარლამენტის წევრები – სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი არიან.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის.
„ფორმულასთვის“ მიცემულ ინტერვიუში ამერიკის ელჩმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, ბიძინა ივანიშვილი საქართველოში გავლენიანი ფიგურააო. ამასთან, მან პასუხი არ გასცა შეკითხვას ივანიშვილის „ოლიგარქობის“ შესახებ და თქვა, ეს ხალხმა უნდა განსაჯოსო. როდესაც კითხვაზე პასუხს, თითქოს, თავს არიდებ და ამავდროულად, ყველა შენს მიერ კოორდინირებულ პარტიას, „ენჯეოს“ და უცხოელ ლობისტს სიტყვა „ოლიგარქი“ აკერია პირზე, ცხადია, რა მასშტაბის სიყალბესთან გვაქვს საქმე. ბუნებრივია, შესაბამისი კამპანია საელჩოს მიერ რომ არ იყოს კოორდინირებული, ელჩი ამ სიცრუეს მარტივად გაემიჯნებოდა.
ბიძინა ივანიშვილი რომ საქართველოში გავლენიანი ფიგურაა, ეს სრულიად საქართველომ ელჩის უთქმელადაც იცის. მან ეს გავლენა თავისი ცხოვრების წესითა და ქვეყნისა და ხალხისთვის გაკეთებული მრავალი საქმით შექმნა, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. საელჩომ ზუსტად იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი თავის რესურსს ხალხს სიყვარულით ახმარს და გავლენას ხელისუფლების სამართავად ან გასაკონტროლებლად არ იყენებს. საქართველო პატარა ქვეყანაა და ეს რომ ასე არ იყოს, საელჩოს ე.წ. არაფორმალური მმართველობის არაერთი მტკიცებულება ექნებოდა.
ბიძინა ივანიშვილს მართვა რომ ნდომოდა, ვერც პოლიტიკიდან გასვლას აიძულებდა და ვერც პოლიტიკაში დაბრუნებას დაუშლიდა ვინმე. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს პოლიტიკაში შემოსვლა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც საქართველოში ხალხისთვის, გაუსაძლისთან ერთად, სრულიად უპერსპექტივო ვითარება შეიქმნა, 2018 წელს კი, პოლიტიკაში მაშინ შემობრუნდა, როდესაც მმართველი გუნდი შიგნიდან მოიშალა, რამაც ქვეყნის სტაბილურ განვითარებას სერიოზული რისკები შეუქმნა. მან არაერთხელ დაამტკიცა, რომ კრიტიკულ სიტუაციაში პასუხისმგებლობას არასოდეს გაურბის და შესაბამისად, საელჩოს მიერ კოორდინირებული ოპოზიციის მოწოდებები ბიძინა ივანიშვილის მიერ ქვეყნის მართვაზე პასუხისმგებლობის აღების შესახებ ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. „ქართული ოცნების“ დღევანდელი გუნდი მყარად უძღვება ქვეყნის მართვის საქმეს და სწორედ ეს არის მიზეზი, რატომაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნების არავითარი ინტერესი არა აქვს.
ასეთ ვითარებაში, საელჩოს მიერ ბიძინა ივანიშვილის გავლენის რეგულარულ შეხსენებას მხოლოდ ერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს – საელჩოს აშკარად ის ანერვიულებს, რომ ბიძინა ივანიშვილი დღეს პოლიტიკაში თავის გავლენას სწორედ რომ არ იყენებს. საელჩოს სურვილია, ბიძინა ივანიშვილმა ეს გავლენა გამოიყენოს და პოლიტიკურ პროცესებში საქართველოს ომში ჩასართავად შემობრუნდეს. სწორედ მეორე ფრონტის ინტერესს ემსახურება გაუგონარი შანტაჟი, რომელიც მასზე შვეიცარიული ბანკის მეშვეობით ხორციელდება. სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების მიზნით მონათლეს ის, საელჩოს კოორდინაციით, ოლიგარქად და მას სხვადასხვა მხრიდან ფორმალური სანქციებითაც კი ემუქრებიან.
სწორედ ბიძინა ივანიშვილის გავლენის გამოყენების ინტერესი არის იმის მთავარი მიზეზი, რომ პოლიტიკიდან დისტანცირების მიუხედავად, ის დღესაც საქართველოს წინააღმდეგ კოორდინირებული შეტევის მთავარი ობიექტია. ამასთან, ყველაფერი ისეა დაგეგმილი, რომ ეს შეტევა ბიძინა ივანიშვილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ ერთდროულად არის მიმართული. როდესაც ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქად და არაფორმალურ მმართველად აცხადებენ, ამის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემის დაკნინებაა. რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი თითოეული ჩვენგანის დაცვას იმსახურებს, თუმცა, მას ეს დაცვა არ სჭირდება. შესაბამისად, ამ თემაზე საუბრისას, ჩვენი მთავარი მიზანი სახელმწიფო სისტემისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაცვაა, რაც სახელმწიფოებრივ ამოცანად მიგვაჩნია.
ყველა ეს ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოსადმი და მისი ხელისუფლებისადმი მიდგომა საელჩოს არ შეუცვლია და ის მომავალშიც, პოლარიზაციის ხელოვნურად შენარჩუნებისა და გაღრმავების ხარჯზე, რევოლუციის მოწყობასა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას ეცდება”,- ნათქვამია განცხადებაში.