“ხალხის ძალა”: შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას
საზოგადოებრივი მოძრაობა “ხალხისძალა” აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის “ფორმულასთვის” მიცემულ ინტერვიუს განცხადებით ეხმიანება.
როგორც “ოცნებიდან” წასული დეპუტატების განცხადებაშია აღნიშნული, დეგნანის მისამართით დასმული შეკითხვების უპასუხოდ დატოვე აღრმავებს ეჭვს, რომ ოპოზიციის ნაწილის რადიკალური ქმედებების უკან ამერიკის საელჩო დგას.
“გასული კვირების განმავლობაში ჩვენ რამდენიმე შეკითხვით რამდენჯერმე მივმართეთ ამერიკის ელჩს, ქალბატონ კელი დეგნანს. თუმცა, სამწუხაროდ, ჩვენი შეკითხვები პასუხგაუცემელი დარჩა.
შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ჩვენც და საზოგადოების უდიდეს ნაწილსაც, სამწუხაროდ, უმყარებს რწმენას იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას.
რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ელჩი ჩვენ და საზოგადოებას წარმოგვიდგენდა დეტალურ განმარტებებს თითოეული შეკითხვის შესახებ და ამგვარი განმარტებებით დაადასტურებდა ან უარყოფდა იმ გარემოებებს, რომლებიც ჩვენს შეკითხვებს დაედო საფუძვლად.
თუმცა, მას შეეძლო ჩვენს შეკითხვებზე ისეთი პასუხების გაცემა, რომლებიც საზოგადოებას შიშს გაუქარწყლებდა და დაარწმუნებდა, რომ საელჩოს სამომავლოდ მაინც აღარ ექნებოდა სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებისა და საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის მცდელობა.
როდესაც ამერიკის ელჩი არ ემიჯნება მოსამართლეზე პოლიტიკურად მოტივირებულ ზეწოლას, არ ემიჯნება ბაკურიანის შეკრებასა და მთავრობის გადადგომის მოთხოვნას, არ ემიჯნება ხელსუფლების დისკრედიტაციის მცდელობასა და დაუსაბუთებელ ბრალდებას არაფორმალური მმართველობის შესახებ, არ ემიჯნება ომის რიტორიკას და მალავს ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის შინაარსის შესახებ, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ამყარებს ადამიანების რწმენას, რომ რადიკალური ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგი საელჩოს მიერ არის კოორდინირებული.
დაგვეთანხმებით, ამერიკის ელჩს ძალზე მარტივი პასუხებით შეეძლო საზოგადოებაში განსხვავებული, პოზიტიური რწმენის შექმნა. ასეთ პირობებში, პასუხზე უარს მხოლოდ ერთი ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს – საელჩო მომავალშიც გეგმავს მიმართოს ძალისხმევა პოლარიზაციის გაღვივებისა და რადიკალური ოპოზიციის რადიკალური, ხელისუფლების ცვლილებისკენ მიმართული ქმედებების კოორდინაციისკენ.
საბოლოოდ, ჩვენ, კაბინეტებში გამართული საუბრების შესახებ ინფორმაციის გამოტანისა და „ქართული ოცნებისთვის“ უხერხულობის შექმნის გარეშე, შევძელით საზოგადოებამდე სიმართლე მიგვეტანა და ხალხისთვის გვეჩვენებინა, თუ ვინ რას და როგორ უმზადებდა და უმზადებს ჩვენს ქვეყანას.
რადგან ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე ელჩის დუმილით პასუხი მივიღეთ, ამ ეტაპზე, აქ ვფიქრობდით გაჩერებას. თუმცა, ამერიკის ელჩის მიერ ნაციონალური მოძრაობისა და ოლიგარქ დავით კეზერაშვილის კუთვნილ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ ჩვენთვის ერთგვარ ბოლო წვეთად იქცა. გადავწყვიტეთ, საზოგადოებას ვუთხრათ მეტი სიმართლე იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ქართული პოლიტიკის კულისებში გასული სამი წლის განმავლობაში ვითარდებოდა. საქმე ეხება ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოს კოორდინაციით წარიმართებოდა და რომელზეც საზოგადოებას მხოლოდ ზედაპირული ინფორმაცია აქვს.
თავისთავად ის ფაქტი, რომ ელჩი მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი ოლიგარქი ლიდერების კუთვნილ მედიასაშუალებებს სტუმრობს, რომლებიც საქართველოში პოლარიზაციის, სიცრუისა და სიძულვილის მთავარი წყაროს ფუნქციას ასრულებენ, უკვე ყველაფერზე მეტყველებს. ნაციონალური მოძრაობისგან თავისუფალ მედიას ელჩი მხოლოდ ერთხელ ესტუმრა და იქაც იმ ჟურნალისტს მისცა ინტერვიუ, რომელიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმარი და რადიკალური ოპოზიციის თავგადაკლული მხარდამჭერი იყო.
ვხედავთ, რომ ელჩი კრიტიკულ მედიასა და კრიტიკულ კითხვებს გაურბის. „ფორმულაში“ სტუმრობა ადასტურებს, რომ ელჩი მხოლოდ მის მიერ კონტროლირებად მედიაში და წინასწარ შეთანხმებული კითხვებით გრძნობს კომფორტულად თავს. გარდა ამისა, ეს ფაქტი საელჩოს პოლიტიკურ გემოვნებაზეც ნათლად მეტყველებს.
ინტერვიუში ვერ მოვისმინეთ ჟურნალისტის ვერცერთი კრიტიკული კითხვა თუ ჩაკითხვა, რაც საზოგადოებას საინტერესო საკითხების შესახებ სიმართლეს გააგებინებდა. ნუთუ, ეს არის ამერიკული დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების სტანდარტი? ამ ფონზე, ჩვენთვის, საბოლოოდ სარწმუნო გახდა ერთ-ერთი ქართველი ექსპერტის დასკვნა იმის შესახებ, რომ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატების მიერ შვეიცარიაში სტატიების გამოქვეყნების მცდელობა სწორედ ზემოაღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე იბლოკებოდა და კვლავაც იბლოკება.
საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, მიხეილ სააკაშვილი და „ნაციონალური მოძრაობა“ საელჩოს გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ დგამდნენ და ახლა უკვე ცხადია, რომ მაშინდელი მედიამონოპოლიის უკანაც საელჩოს ხელწერა იყო. ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია დემოკრატიისა და მედიის თავისუფლების ასეთი დაბალი სტანდარტი და ჩვენი ქვეყნისთვის უფრო ხარისხიანი დემოკრატია და მედია გვინდა.
„ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს.
პირველ რიგში, აღვნიშნავთ, რომ კელი დეგნანმა ჩვენს შეკითხვებს და მათთან დაკავშირებულ ფაქტებს კიდევ ერთხელ სიყალბე უწოდა. რასაკვირველია, „ფორმულას“ ჟურნალისტს ერთხელაც არ მოსვლია აზრად, ელჩისთვის კრიტიკული შეკითხვა შეებრუნებინა და ეკითხა, ჩვენს მიერ დასმული რომელი შეკითხვა ან ჩვენს მიერ ნახსენები რომელი ფაქტი იყო ყალბი: გიგაურის, ლომჯარიას, მარგველაშვილის, უსუფაშვილის, ჭიაბერაშვილის, მშვილდაძის, სანაიას,
გოგოტიშვილის, პოდოლიაკის, დანილოვის განცხადებები, მოსამართლის დაბარება, მისთვის ანგარიშის მოთხოვნა და ვიზიტიდან მისი მოხსნა, „ენჯეოების“ მიერ მთავრობის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა, თუ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის გამართვა? ამ ფაქტებიდან ელჩმა მხოლოდ ერთის – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის უარყოფა სცადა და იქაც გაირკვა, რომ ჩვენი ვარაუდი მათ შორის შეხვედრის გამართვის შესახებ სრულიად საფუძვლიანი იყო.
უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის შინაარსზე საუბარს ელჩი ამ შემთხვევაშიც გაექცა. ჩვენ ამერიკის ელჩს დავუსვით ძალიან კონკრეტული შეკითხვა – გამოთქვა თუ არა შეხვედრაზე ელჩმა უკმაყოფილება მთავრობის პოლიტიკით ომთან დაკავშირებით, მოსთხოვა თუ არა ამ ნიადაგზე ივანიშვილს პოლიტიკაში დაბრუნება და მოსთხოვა თუ არა მას რუსეთისთვის სანქციების დაწესება. გასაკვირი არაა, რომ ამ კითხვების დასმა ელჩისთვის ჟურნალისტს ერთხელაც არ უცდია. ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, ელჩმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეს იყო პირადი შეხვედრა, რომელიც საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობას შეეხებოდა და რომელზეც ბიძინა ივანიშვილის პირად ფინანსებზე საუბარი არ ჰქონიათ. ამერიკის ელჩმა ბიძინა ივანიშვილთან სამსაათიანი „პირადი“ შეხვედრა სტრატეგიული პარტნიორობის განსახილველად რომ მოითხოვა, ეს, ალბათ, პატარა ბავშვისთვისაც ღიმილისმომგვრელია. ფაქტია, რომ როდესაც ელჩი შეხვედრის რეალური შინაარსის შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროებს, მას რაღაც აქვს დასამალი.
იქვე ამერიკის ელჩმა თქვა, ჩვენ ყველა პარტნიორს ვთხოვთ, უკრაინას მაქსიმალურად დაეხმარონ და იქვე აღნიშნა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ ომში გაიმარჯვოსო. მანამდე ელჩს ნათქვამი აქვს, ახლა, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, საქართველო და უკრაინა ერთად იდგნენ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგო. ამგვარი განცხადებები ჩვენს ეჭვებს მეორე ფრონტის ინტერესთან დაკავშირებით დამატებით აღრმავებს, რაზეც საკუთარ დასკვნას საზოგადოებაც გამოიტანს. საზოგადოება კიდევ ერთხელ ხდება იმის მოწმე, რომ ამერიკის ელჩი ზოგადი ფრაზებით ერთს ამბობს და სინამდვილეში, სრულიად სხვა რამეს აკეთებს. როდესაც ზოგადი ფრაზები ქმედებებს არ შეესატყვისება, საზოგადოებას ლოგიკური დასკვნის გამოტანა მარტივად შეუძლია”, – ნათქვამია განცხადებაში.