ლატვიის სეიმმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორად გამოაცხადა

ლატვიის სეიმმა უკრაინის მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ რუსეთის ქმედება ტერორიზმად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ-ქვეყნად გამოაცხადა.

ამის შესახებ Eurointegration ლატვიის სეიმის პრესსამსახურზე დაყრდნობით წერს.

პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ევროკავშირის ქვეყნებისადმი მოწოდებაა, დაუყოვნებლივ შეაჩერონ ტურისტული და სხვა ტიპის ვიზების გაცემა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისთვის.

„რუსეთი წლების განმავლობაში პირდაპირ და ირიბად მხარს უჭერდა და აფინანსებდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს სხვადასხვა გზით, როგორც იარაღის ყველაზე დიდი მიმწოდებელი სირიაში ასადის რეჟიმისთვის და როგორც დამნაშავე, მაგალითად, სკრიპალების ოჯახის მოწამვლის ან MH17-ის ჩამოგდებისას. ახლაც რუსეთმა გამოიყენა იგივე დაუნდობელი, ამორალური და უკანონო ტაქტიკა უკრაინაში, რადგან იყენებს არაზუსტ და საერთაშორისოდ აკრძალულ იარაღს და საბრძოლო მასალებს და არაპროპორციული სისასტიკით ურტყამს სამოქალაქო მოსახლეობას და საზოგადოებრივ ადგილებს“, – თქვა ლატვიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რიჰარდს კოლსმა.

მან დასძინა, რომ თავისი უკანონო, აგრესიული ომით რუსეთი ცდილობს უკრაინელი ხალხისა და შეიარაღებული ძალების დაშინებას და მათ დემორალიზებას, ასევე სახელმწიფოს ფუნქციონირების პარალიზებას უკრაინის ოკუპაციის მიზნით.

განცხადებაში დეპუტატები აღნიშნავენ, რომ 24 თებერვალს უკრაინაზე რუსეთის სამხედრო თავდასხმის შემდეგ, 12 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო 5 მილიონზე მეტმა ქვეყანა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები