აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი აცხადებს, რომ FBI-ის მიერ დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებული ჩხრეკა საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია, თუმცა კანონზე მაღლა არც ყოფილი პრეზიდენტი დგას. ამის შესახებ BBC-ი წერს.
„ჩვენ გვჯერა კანონის უზენაესობის. ესაა სწორედ ჩვენი ქვეყანა და არც ერთი ადამიანი არ დგას კანონზე მაღლა, მათ შორის, არც ქვეყნის პრეზიდენტი და არც ექსპრეზიდენტი“, – განაცხადა ნენსი პელოსიმ.
ცნობისთვის, აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პალმ-ბიჩზე მდებარე მარ-ა-ლაგოს მამულში გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს. ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.
მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის რეზიდენციაში თეთრი სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.