“რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სამხრეთ ოსეთში მშვიდობა იყოს” – ლეონიდ თიბილოვი
ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ლეონიდ თიბილოვი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთში მშვიდობა იყოს, რომ ხალხმა ღირსეულ პირობებში იცხოვროს.
ამის შესახებ მან 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ცხინვალში გამართულ ხსოვნის აქციაზე თქვა.
„სამხრეთ ოსეთს ბევრი მოვლენა და ტრაგედია გადაუტანია. მაგრამ ის, რაც 14 წლის წინ მოხდა, როდესაც საქართველომ დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი ჩვენი პატარა სამშობლოს წინააღმდეგ, ტრაგიკული მოვლენების პიკი გახდა. რა თქმა უნდა, დღეს სამხრეთ ოსეთი სხვაგვარად ცხოვრობს, საკუთარი სრულფასოვანი ცხოვრებით. თავისუფლება, რომელიც დღეს არსებობს, უნდა დაფასდეს და უნდა გავუფრთხილდეთ. ამ მხრივ, მინდა აღვნიშნო ჩვენი ბიჭების სიმამაცე და გამბედაობა და, რა თქმა უნდა, რუსეთის დახმარება, რომელსაც არასოდეს დავივიწყებთ,” – თქვა მან.
თიბილოვი დარწმუნებულია, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთს ნათელი მომავალი აქვს.
„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ჩვენ აქ, მშვიდობა გვქონდეს, რომ ხალხმა ღირსეულ პირობებში იცხოვროს“, – ხაზგასმით აღნიშნა თიბილოვმა.