ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გაიფიქრებს – ისეთივე ქმედებები განახორციელოს ნატო-ს წევრი ქვეყნის წინააღმდეგ, როგორიც საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვის წინააღმდეგ, ალიანსი დაუყოვნებლივ ჩაერთვება.
ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერმა უტოიას კუნძულზე თქვა, სადაც 2011 წელს ანდრეს ბრეივიკმა 69 ადამიანი მოკლა.
მისი თქმით, უკრაინის ომი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე საშიში მომენტია ევროპისთვის და დაუშვებელია რუსეთის გამარჯვება.
სტოლტენბერგის თქმით, იმისთვის, რომ მოსკოვმა წარმატებას არ მიაღწიოს, ნატო-ს და მის წევრებს შესაძლოა, კიდევ დიდი ხნის განმავლობაში მოუწიოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღით და სხვა სახის დახმარებით.
„ჩვენს ინტერესშია, რომ ამგვარმა აგრესიულმა პოლიტიკამ წარმატებას ვერ მიაღწიოს. ის, რაც უკრაინაში ხდება, საშინელებაა, მაგრამ გაცილებით უარესი იქნებოდა, ომი რუსეთსა და ნატო-ს შორის რომ იყოს”, – თქვა მან.
ალიანსის გენერალური მდივანი ამბობს, რომ უკრაინაზე თავდასხმა მოსკოვის მხრიდან მსოფლიო წესრიგზე თავდასხმაა.
„ეს არის ევროპაში ყველაზე საშიში ვითარება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. თუ პრეზიდენტი პუტინი თუნდაც გაიფიქრებს, მსგავსი რამ დამართოს ნატო-ს ქვეყანას, როგორც გააკეთა საქართველოს, მოლდოვის ან უკრაინის შემთხვევაში, ნატო დაუყოვნებლივ იქნება ჩართული“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.