ვახტანგ გომელაური – გუდაურში დაღუპულებზე: ისინი ჩვენი მეგობრები იყვნენ – ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს ეს დიდი ტკივილი
“ძალიან მძიმეა ყველასთვის, განსაკუთრებით, მათი ოჯახებისთვის. ძალიან მძიმეა ჩვენთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო უმეტესობა, 6 ადამიანი”, – ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულებზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, უწყებამ მნიშვნელოვანი და გამოცდილი კადრები დაკარგა.
“შსს-მ ძალიან მნიშვნელოვანი, გამოცდილი კადრი დაკარგა. ისინი არა მარტო ჩვენი თანამშრომლები, მეგობრები იყვნენ, წლებია, მათ პირადად ვიცნობდი ბატონ ზაზას, ლევანს. გული დაგვწყვიტა ყველას.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მინიმალურად მაინც შევუმსუბუქოთ მათ ოჯახებს ეს დიდი ტკივილი. მათ ოჯახებს მივხედავთ მაქსიმალურად, რაც შეგვეძლება”, – განაცხადა გომელაურმა.
ცნობისთვის, გუდაურში რამდენიმე დღის წინ სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დღეს კი სამების საკათედრო ტაძარში დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი ჩატარდა. დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს მოქალაქეებმა, პრემიერმინისტრმა, პრეზიდენტმა, მინისტრებმა, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა.