ლარი გამყარებას განაგრძობს. Bloomberg-ის პლატფორმაზე 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.73 ლარს შეადგენს. ეროვნული ვალუტა ასეთი მყარი 2019 წლის მაისის შემდეგ აღარ ყოფილა.
წლის დასაწყისთან შედარებით ლარი დოლართან მიმართებაში 37 თეთრით, მარტის გაუფასურების პიკთან შედარებით კი 67 თეთრითაა გამყარებული.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან ორ კვირაში, ძირითადად პანიკის საფუძველზე ლარი მკვეთრად 40 თეთრით გაუფასურდა, მარტის მეორე ნახევრიდან კი გამყარებამ თითქმის შეუქცევადი ხასიათი მიიღო. ლარი კიდევ უფრო მეტად ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ქვეყანაში მიმდინარე წელს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა რაოდენობა და ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც ლარის გამყარების ერთ-ერთი, მაგრამ არა ერთადერთი მიზეზი გახდა. გაზრდილია ექსპორტიც, თუმცა თანხობრივად უფრო მეტად იმპორტი გაიზარდა, რაც კურსზე დადებითად ვერ იმოქმედებდა.
ვალუტის მკვეთრი გამყარების მიუხედავად, ქვეყანაში ჯერჯერობით ორნიშნა ინფლაცია ნარჩუნდება. იმპორტიორები ფასების ზრდას ნედლეულის თვითღირებულებისა და საერთაშორისო გადაზიდვების გაძვირებას უკავშირებენ.