გუდაურში დაშავებულ პარაპლანისტს შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს

გუდაურში დაშავებულ პარაპლანისტს შესაძლოა, ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა მძიმეა.

“ჯერჯერობით, პაციენტის ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მძიმეა. პალატაშია, გონზეა, თუმცა, მისი მოძრაობა შეზღუდულია. სხეულზე მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნება – სისხლჩაქცევები, მრავლობითი ჭრილობები სხეულის სხვადასხვა მიდამოზე. მარჯვენა ქვედა კიდურზე აღენიშნებოდა დიდი ნაფლეთოვანი ჭრილობა, რის გამოც საჭირო გახდა ოპერაციული ჩარევა. დაჩირქების ალბათობა ძალიან დიდია, რადგან საკმაოდ დაბინძურებული ჭრილობა იყო.

ალბათობა, რომ ფეხის ამპუტაცია დასჭირდეს – არსებობს, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ პაციენტი ამ მდგომარეობამდე არ მივიდეს. გარკვეულ დეტალებს იხსენებს, გარკვეული დეტალები კი მისთვის ბუნდოვანია”, – აცხადებს ექიმი.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. ადგილზე მაშველები გამოიძახეს, თუმცა, ვერტმფრენმა, რომელიც დაშავებულის ამოსაყვანად მიდიოდა, ავიაკატასტროფა განიცადა. შედეგად, ბორტზე მყოფი რვავე პირი დაიღუპა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები