ბიძინა ივანიშვილი: „ირაკლი სწორი გზით მიდის, დროც აქვს ჩემზე მეტი და ენერგიაც“

    ირაკლი სწორი გზით მიდის, დროც აქვს, ჩემზე მეტი ენერგიაც აქვს, დღე და ღამე მუშაობს, – ამის შესახებ “მოქალაქის” ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “შეხვედრები მწერალთა სახლში” განაცხადა.
“ირაკლიმ მეც კი გამაოცა თავისი ნიჭიერებით – სიღრმეებში ჩადის უკვე, არ დამკითხვია მე, თავისით მიადგა ამ პროცესებს და თავისით დაიწყო ჩაღრმავება. მე როგორც ვიცი, ბევრ მინისტრს ეს არ მოეწონა – ჭორები მომდის კანცელარიიდან, რომ ზოგს არასწორი რეაქცია ჰქონდა. სწორი გზით მიდის, დროც აქვს, ჩემზე მეტი ენერგიაც აქვს, დღე და ღამე მუშაობს – დეპარტამენტების დონეზე უნდა კონტროლი და ეს სწორია. თუ კარგად ასრულებს ფუნქციას მაინც უნდა ვაგინო?” – განაცხადა ივანიშვილმა.
როგორ „მოქალაქის“ ლიდერმა აღნიშნა მინისტრების მარტო კრიტიკა არ შეიძლება. მისი თქმით, კონტროლის სხვა მექანიზმი უნდა არსებობდეს – არ უნდა მოიპარონ და სიცრუე არ უნდა ვაპატიოთ.
“ვერ დავეთანხმები იმას, რასაც მიკიჟინებენ – არ აკრიტიკებსო. მარტო კრიტიკა არ შეიძლება, გაგიჟდებიან ეს მინისტრები. შეიძლება ერთი-ორზე კითხვები ჩანდეს, მაგრამ აბსოლუტური უმრავლესობა წესიერი ხალხია, თუმცა, რა თქმა უნდა, წესიერება არ არის ყველაფრის ნიმუში და ის პროფესიონალი, ძლიერი უნდა იყოს და საქმის გაკეთება უნდა შეეძლოს. შერჩევა როგორიც მოხდა, შეიძლება საუკეთესო არა, მაგრამ ოპტიმალურია. მე არ ვეთანხმები ასეთ დამოკიდებულებას, ეს მეორე უკიდურესობამდე მიგვიყვანს – ჩვენ თუ მხოლოდ ვლანძღეთ, იქ წესიერი კაცი წასვლას აღარ მოისურვებს. ჩვენ კონტროლის სხვა მექანიზმი უნდა მოვიფიქროთ – არ უნდა მოვაპარინოთ, არ უნდა ვაპატიოთ სიცრუე”, – აღნიშნა ივანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები