მიხეილ სარჯველაძე: აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ღირებულია
“შეუძლებელია, ქართველმა კაცმა არ დააფასო ის დიდი სიკეთე, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუტანა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ ღია წერილზე საუბრისას განაცხადა, რომლითაც პარლამენტის წევრებმა: სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა აშშ-ის ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მიმართეს.
მისივე თქმით, აშშ-სთან თანამშრომლობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და ღირებულია.
“არ მიხარია, რომ ჩვენი გუნდიდან გავიდნენ ხუნდაძე, სუბარი და ყაველაშვილი. არც გადაწყვეტილება მომწონს მათი, ამიტომაც არ ვარ მათ გვერდზე. შესაბამისად, არ მივიჩნევ, რომ საზიარო პოზიცია გვაქვს. მე ღრმად დარწმუნებული ვარ, რომ სოზარ სუბარსაც და ყველა სხვა ჩემს კოლეგასაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს, რომ აშშ-სთან ჩვენი თანამშრომლობა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულად ღირებული, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. შეუძლებელია ქართველმა კაცმა არ დააფასო ის დიდი სიკეთე, რომელიც საქართველოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოუტანა მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში. მეტსაც ვიტყვი, ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ამ დამოუკიდებლობის გარანტია ბევრწილად სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიურობაზე იყო დამოკიდებული. ამას არა თუ მხოლოდ ვუფრთხილდებით, არამედ კარგად გვესმის მნიშვნელობაც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.