“საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღება მარტივი არაა, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი მიიღწევა” – თორნიკე გაბაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის სტიპენდიატი
,,საფრანგეთში უმაღლესი განათლების მიღება მარტივი არაა, თუმცა თავდაუზოგავი შრომით ყველაფერი მიიღწევა’’ – თორნიკე გაბაძე, განათლების საერთაშორისო ცენტრის, საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგული ინსტიტუტის სტიპენდიატი.
2015 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრს, საქართველოში საფრანგეთის საელჩოსა და ფრანგულ ინსტიტუტს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას პარტნიორობის შესახებ, რომლის საფუძველზეც 2016-2017 სასწავლო წლიდან ამოქმედდა საფრანგეთში სასტიპენდიო პროგრამა მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის.
პროგრამა დღემდე წარმატებით ხორციელდება. საქართველოსა და საფრანგეთის მთავრობების სასტიპენდიო პროგრამას დღეს უკვე ათობით ბენეფიციარი ჰყავს. მათ შორისაა თორნიკე გაბაძეც, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2021-2022 სასწავლო წლიდან საფრანგეთში, ტურიზმის უმაღლეს სკოლა “IEFT”-ში, სამაგისტრო საფეხურზე აგრძელებს სწავლას.
კონკურსში გამარჯვებამდე თორნიკემ საქართველოში მიიღო უმაღლესი განათლება, დაამთავრა ეროვნული თავდაცვის აკადემია, ხოლო შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. წლების განმავლობაში მუშაობდა თავდაცვის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამხედრო კვირეულებში მსოფლიოს წამყვანი აკადემიების წარმომადგენლებთან ერთად. სამხედრო სამსახური დაასრულა უფროსი ლეიტენანტის წოდებით.
ჩვენი ჟურნალისტი თორნიკეს საფრანგეთში დაუკავშირდა, სადაც სწავლის პარალელურად ქალაქ ბელვილის მერიის კულტურისა და ტურიზმის განყოფილებაში მუშაობს. ის თავის გამოცდილებას ინტერვიუს ფორმატში გვიზიარებს და ქართულ-ფრანგული სასტიპენდიო პროგრამით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, როგორც წარმატებული სტიპენდიატი, შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს:
თორნიკე, მოგვიყევით საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების გამოცდილების შესახებ. რატომ გადაწყვიტეთ სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობა და რა ახალ გამოცდილებას გაძლევთ საფრანგეთში სწავლა და ცხოვრება?
უმაღლესი განათლების საზღვარგარეთ მიღება არ არის მხოლოდ კარიერისა და პირადი ჰორიზონტის გაფართოება, არამედ ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებაცაა. თითქმის ერთი წელია უკვე, რაც საფრანგეთში ვცხოვრობ, ვსწავლობ და ამ ერთი წლის განმავლობაში არაერთი გამოწვევის წინაშე დავდექი. მაგალითად ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა იყო უცხო ქვეყანაში და, მაშასადამე, სრულიად უცხო გარემოში ადაპტაცია, დროის სწორად გადანაწილება და ა.შ თუმცა გარკვეული პერიოდისა და ახალი მეგობრების გაცნობის შემდეგ, აღნიშნული პროცესი მარტივდება და იწყებ შეგუებას. გასათვალისწინებელია ასევე კონკრეტულ ქვეყანაში არსებული ფორმალური საკითხების ცოდნაც.
გაიხსენეთ ის ეტაპები, რომელიც სტიპენდიის მოპოვებამდე გაიარეთ. რამდენად რთული იყო ცენტრის კონკურსში გამარჯვება? რამდენად მარტივი და გამჭვირვალე იყო სასტიპენდიო კონკურსის ეტაპები?
არაერთი კონკურსის მონაწილე ვარ და თამამად შემიძლია იმის თქმა, რომ იშვიათად მინახავს ისეთი ობიექტური და გამართული საკონკურსო გარემო, როგორიც კამპუს ფრანსისა და განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროგრამაშია.
მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ის რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპია განაცხადის შევსება, რომელიც ონლაინ ხორციელდება, რაც ძალიან მოსახერხებელია, ამის შემდეგ ხდება ატვირთული დოკუმენტაციის შემოწმება და მისი ვალიდაცია. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამოტივაციო წერილს და აპლიკანტის სამომავლო პროექტს, რაც დაკავშირებული უნდა იყოს საქართველოსთან, რადგან ყველა სტიპენდიანტს აქვს ვალდებულება სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდეს საქართველოში და აქ გააგრძელოს მიღებული ცოდნის რეალიზება. კონკურსის თითოეული ეტაპი საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს და აპლიკანტს საშუალება აქვს გაეცნოს თუ რა კომპეტენციაში რა შეფასება მიიღო, რაც მას დაეხმარება იმაში, რომ, წარუმატებლობის შემთხვევაში, მომდევნო წელსაც მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და შედარებით სუსტი მხარეების გაუმჯობესებაზე იმუშაოს.
თქვენი გამოცდილებით, რა არის მთავარი სირთულე საზღვარგარეთ სწავლის პროცესში და რა გახსენდებათ ყველაზე სასიამოვნოდ განვლილი სემესტრიდან?
როგორც აღვნიშნე, საზღვარგარეთ ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა უცხო გარემოსთან ადაპტაციაა, რომელსაც ყველა ადამიანი ინდივიდუალურად დაძლევს, ზოგს უადვილდება, ზოგს კი – შედარებით მეტი დრო სჭირდება. ჩემ შემთხვევაში ერთ-ერთი გამოწვევა იყო სალექციო ენის ბარიერი, განსაკუთრებით პირველი სემესტრის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არაერთ საერთაშორისო პროექტში მიმიღია მონაწილეობა და ინგლისურ კომუნიკაცია ჩემთვის უფრო მარტივი იყო, მე მაინც ფრანგულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე ჩავაბარე, რაც ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ენით კონკრეტული ქვეყნის კულტურას უკეთ შეიცნობ, მეც სწორედ ფრანგულ ენაზე მინდოდა აქ სწავლა და მქონდა კიდეც შესაბამისი კომპეტენცია ამ ენაში. ამის მიუხედავად, მცირე ბარიერები მაინც იყო, რაც მარტივად გადავლახე და პირველი წელი უმაღლესი შეფასებებით დავასრულე. წლიური შეფასების მნიშვნელობას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ თუ სტიპენდიატს მეორე წლის დაფინანსების მოპოვებაც სურს, ამისთვის კონკრეტული ზღვარი არსებობს, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს მისი ფინალური შეფასებები.
განვლილი წლის განმავლობაში ბევრი დასამახსოვრებელი მომენტი მქონდა, მათ შორის მახსენდება: პარიზის და ნანტის უმაღლესი სასწავლებლების გამოფენაზე ჩემი უნივერსიტეტის ამბასადორის ამპლუაში მონაწილეობა, რაც უდიდესი პასუხისმგებლობა და ამავე დროს დიდი გამოცდილება იყო. ისიც სასიამოვნოა, რომ უნივერსიტეტმა ჩემ შესახებ მოამზადა საინფორმაციო ვლოგი, რითაც ფართო აუდიტორიისთვის გამოცდილების გაზიარების საშუალება მომეცა. ასევე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ, უკრაინის მხარდამჭერ აქციებში მონაწილეობა, რომელიც პერმანენტულად ტარდებოდა ქალაქ ლიონში, ბელკურის მოედანზე და ბოლოს, სემესტრის დასრულების შემდეგ ქალაქ ბელვილის მერიაში სამსახურის შემოთავაზება, სადაც არაერთი საინტერესო ღონისძიების ორგანიზებაში ჩავერთე.
განათლების საერთაშორისო ცენტრი სასტიპენდიო პროგრამების უმეტესობას უახლოეს მომავალში გამოაცხადებს. რა რჩევას მისცემდით მომავალ კონკურსანტებსა და სტიპენდიატებს, მათ, ვინც სამომავლოდ აპირებს სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ?
პროგრამის პოტენციურ აპლიკანტებს ვურჩევდი, რომ ჰქონდეთ კონკრეტული სამომავლო პროექტი, რომელიც პირდაპირ კავშირში იქნება საქართველოსთან, გულდასმით დაწერონ სამოტივაციო წერილი და ასევე ვუსურვებ იღბალს (იცინის).
მათ ძალიან უნდა მოინდომონ, რადგან სტიპენდიის ოდენობა ლიმიტირებულია, მსურველთა რაოდენობა კი – ყოველწლიურად იმატებს და პროგრამა დროსთან ერთად უფრო კონკურენტული ხდება.