მამუკა არეშიძე: შეცდომაა სურათის ისე დახატვა, თითქოს, მთელი ევროპა ჩვენი მტერია

“შეცდომაა სურათის ისე დახატვა, თითქოს, მთელი ევროპა ჩვენი მტერია. ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი. ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა კულუარული მუშაობა როგორც ევროპარლამენტში, ისე – სხვაგან, თანაც სისტემატური. “ნაციონალების” მსგავსად მათაც რატომ არ აუტალახეს კარი დასავლელ პოლიტიკოსებს?”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში აცხადებს.

მისივე თქმით, თავიდანვე საჭირო იყო ლობისტური ჯგუფების შექმნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს.

“ინფორმაცია, რომელიც ჩემამდე ღია არხებისა თუ კულუარული ინფორმაციის სახით მოდის, იმის ფიქრის საფუძველს მაძლევს, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და დასავლური დიპლომატიური კორპუსის ნაწილს შორის დაძაბულობა ჯერ კიდევ მარტის დამდეგს დაიწყო. მიზეზი ის გახლავთ, რომ ზოგიერთმა დასავლელმა პოლიტიკოსმა საკუთარ თავს ზედმეტის უფლება მისცა, განსაკუთრებით – უკრაინის ომის დაწყების პირველ დღეებში. ვგულისხმობ საქართველოს სამხედრო აქტიურობას. ელჩები საერთოდ არ ყოფილან ამ საქმეში ჩართული, თუმცა ნამდვილად იყვნენ დასავლელი პოლიტიკოსები. მე მათი ვინაობის გამხელის უფლება არა მაქვს. მხოლოდ თარიღის დასახელება შემიძლია – 4 მარტი. ზოგიერთი სახელმწიფო მოღვაწისგან განსხვავებით, თავს ამაზე საუბრის უფლებას არ მივცემ. მაგრამ გავიხსენოთ მოვლენათა განვითარება: ომის დაწყების პირველივე დღეებში სოცქსელში გაჩნდა ვიდეო, რომელშიც სამხედროფორმიანი რამდენიმე ქართულენოვანი პირი აფხაზეთში სამხედრო ოპერაციის დაწყებაზე საუბრობდა. შემდეგ გავრცელდა ხმა, თითქოს რუსულმა არმიამ დატოვა აფხაზეთი. აფხაზეთიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქუჩაში ერთი რუსი ჯარისკაციც აღარ დადიოდა. ასეთი ინფორმაცია რუსულ სოცმედიაშიც ვრცელდებოდა. ობიექტურობისთვის გეტყვით, რომ ერთხანს სოხუმში მართლაც ვერ ნახავდით რუს ჯარისკაცს და ეს იყო კლასიკური სახის ხაფანგი. ალბათ, გახსოვთ, იმ პერიოდში გამართული რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომა, ნარიშკინის დაბნეული საუბარი, პატრუშევის უცნაური განცხადებები. ჩემამდეც მოვიდა ინფორმაცია, რომ პატრუშევის გუნდი ყველანაირად ცდილობდა მოსკოვის დარწმუნებას, უკრაინაში სპეციალური ოპერაციის პარალელურად დანარჩენი პოსტსაბჭოთა ველიც მოესუფთავებინათ. საუბარი იყო საქართველოზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე. ამის მერე დაიწყეს საუბარი საქართველოს ომში ჩართვაზე უკრაინის მთავრობის წევრებმა. დანილოვმა დაიწყო და აღარ დარჩა უკრაინაში პოლიტიკური ფიგურა, მსგავსი განცხადება რომ არ გაეკეთებინოს.

მერე იყო საქართველოში უკრაინის ელჩთან პრობლემები, შემდეგ ჩარტერული რეისით საქართველოდან უკრაინაში მიმავალ მოხალისეებთან დაკავშირებული აჟიოტაჟი. ეს სპექტაკლი იყო – ძალიან მალე ცნობილი გახდა, რომ სინამდვილეში ჩარტერული რეისი არ ყოფილა გამოგზავნილი. მე კარგად ვიცოდი იმ მოხალისეების მარშრუტი, რომლებიც ყოველგვარი სპექტაკლის გარეშე თურქეთის გავლით გადავიდნენ პოლონეთში და უპრობლემოდ ჩავიდნენ უკრაინაში. ბოლოს ერთი ძალიან საგულისხმო ამბავიც – უკრაინის ერთ-ერთმა ძალიან მაღალი თანამდებობის პირმა (პროფესიით ხელოვანია და ადრინდელი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან ახლო კავშირი ჰქონდა საქართველოსთან) შაბათ დილით დამირეკა და მითხრა, იქნებ მოვახერხოთ და სიტუაციის განსამუხტავად უკრაინაში საზოგადოების სხვადასხვა წრის წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთო, კვირას კი გამოვიდა და დანილოვის ტექსტი გაიმეორა. ცხადია, ეს სხვისი დავალებით გააკეთა.

მე იმის თქმა მინდა, რომ როგორც ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი, ასევე ზოგიერთი რუსი და ზოგიერთიც უკრაინელი პოლიტიკოსი თავ-თავისი მიზნის მისაღწევად ცდილობდნენ საქართველოსა და მოლდოვის ომში ჩართვას. ამ სქემამ არ იმუშავა, რადგან დასავლეთში და სხვაგანაც სხვა ტიპის პოლიტიკური ძალებიც იყვნენ, რომლებიც ამ აზრს არ ეთანხმებოდნენ. ამის დამალვა არ შეიძლება. მე მყავს მეგობრები სხვადასხვა ძალის პოლიტიკურ ცენტრებში და კარგად ვიცი, ვინ რომელი გადაწყვეტილების მომხრე იყო. ასეთი ჯგუფები ევროპარლამენტშიც არიან, მაგრამ უმცირესობაში. ყველას თავ-თავისი მიზანი აქვს. პატრუშევს პოსტსაბჭოთა სივრცის “ბარემ მოსუფთავება” სურდა, ოღონდ ეს მაშინ იყო, როცა რუსები უკრაინაში ბლიცკრიგის წარმატებაში დარწმუნებული იყვნენ. დასავლელ პოლიტიკოსებს ფრონტის ხაზის გაშლა და რუსული სამხედრო ძალის გაფანტვა სურდათ. კი, გასაგებია, რომ საქართველოსა და მოლდოვისგან რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის შესაბამისი წინააღმდეგობის გაწევის იმედი არ ჰქონდათ, მაგრამ პროპაგანდისტული თვალსაზრისით იქნებოდა ძალიან საინტერესო – რუსეთის აგრესიული სახე კიდევ უფრო თვალნათლად წარმოჩნდებოდა, თუ გარშემო მყოფ ყველა მეზობელს დაესხმებოდა თავს.

შეცდომაა სურათის ისე დახატვა, თითქოს მთელი ევროპა ჩვენი მტერია. ამ ხელისუფლების მთავარი პრობლემა მეტისმეტი სიხისტეა ევროპელი პოლიტიკოსებისადმი. ყველაზე უკეთესი გამოსავალი იქნებოდა კულუარული მუშაობა როგორც ევროპარლამენტში, ისე სხვაგან, თანაც სისტემატური. “ნაციონალების” მსგავსად მათაც რატომ არ აუტალახეს კარი დასავლელ პოლიტიკოსებს? თავიდანვე საჭირო იყო ლობისტური ჯგუფების შექმნა, რომლებიც საქართველოს ხელისუფლების მუშაობის პოპულარიზაციას შეუწყობდა ხელს. ძალიან მნიშვნელოვანია პირადი კავშირები, რაც ამათგან განსხვავებით, “ნაციონალებს” წლების განმავლობაში აქვთ დალაგებული… კარლ ჰარცელზე მე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია – როცა ქვეყანა, რომელიც წლების განმავლობაში მყარად დგას ევროინტეგრაციის გზაზე და მაინც ისჯება, ეს ელჩის მუშაობის ხარისხს აჩვენებს. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ვუსწრებდით ყველა პარამეტრით უკრაინასაც და მოლდოვასაც. უკრაინის საკითხი გასაგებია, მაგრამ მოლდოვა? თქვენ რომ საერთაშორისო ანტიკორუფციული დასკვნა წაიკითხოთ უკრაინისა და მოლდოვის შესახებ თმა ყალყზე დაგიდგებათ. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რადგან სტატუსი ვერ მივიღეთ, გაჩნდა განწყობა, რომ ელჩმა ვერ იმუშავა.

რუსეთისთვის ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველო არ გაწევრიანდეს ნატო-ში. ვინმეს შეუძლია, თქვას, რომ საქართველოს ნატოში გაწევრების გზაზე რაიმე შეფერხებაა ერთობლივი წვრთნების ან საშტაბო მუშაობის თვალსაზრისით? მე ისეთივე კავშირები მაქვს ნატოს სტრუქტურებში, როგორც ევროკავშირში და ვიცი, როგორი დადებითი განწყობაა იქ ჩვენ მიმართ. რაც შეეხება კრემლის განწყობას, კრემლისთვის სულერთია საქართველო ორ სკამზე დაჯდება თუ პირდაპირ ნატო-ში შევა. მათ უპირობო მორჩილება სჭირდებათ. ხოლო რუსეთის არამეგობრული ქვეყნების სიიდან ჩვენი ამოღება თუ ჩვენზე რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტების პოზიტიური განცხადებები მხოლოდ პროპაგანდაა. კრემლმა ოდნავ მაინც შეცვალა აგრესიული პოლიტიკა?! რუსები ისე იქცევიან ცხინვალსა და აფხაზეთში, რომ იმ ადამიანებსაც კი არა აქვთ რუსული პოლიტიკის სასარგებლო არგუმენტები, რომლებიც პრორუსულ ხაზს ატარებენ. ახლა რა დროს ბიჭვინთის ანექსია იყო? შესაბამისად, თუ საქართველოს ხელისუფლება პრორუსულია, მაშინ გამოდის, საკუთარი ხელით ისვამს დანას ყელში. გახსოვთ, ალბათ, შს ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა რომ თქვა, რუსულ ფულს სუნი არ აქვსო. ის არ გახსოვთ, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე რუსეთის მოქალაქე რომ იყო? რუსეთის საიდუმლო სამსახურის წარმომადგენელს “ნაციონალების” მმართველობის დროს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში კაბინეტი რომ ჰქონდა გამოყოფილი, ესეც ხომ იცით? ესე იგი, სააკაშვილის ხელისუფლება პრორუსული იყო? სააკაშვილზე მსგავსი ეჭვი ნამდვილად გამოთქმულა და საქმეც ეგ არის, რომ ეჭვი იყო და არა კონკრეტული ფაქტები, ისევე როგორც ახლა. ჩემი შეხედულებით, სააკაშვილის ხელისუფლება პრორუსული კი არ იყო, სიტუაციის გამოყენებას ცდილობდა, კონიუნქტურული მიდგომა ჰქონდა პოლიტიკის მიმართ. ისევეა ახლაც, სიტუაციას სჭირდება და ასე ამიტომ იქცევიან, ბეწვის ხიდზე გადიან, ბოლო სამი თვის განმავლობაში განსაკუთრებით. თუმცა ხშირად არასწორად მოქმედებენ. განსაკუთრებით გაუმართლებელია მათი დამოკიდებულება დიპლომატებთან. ზოგჯერ მგონია, დიპლომატიის ანაბანა დაავიწყდათ.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, გარდა ამისა, თუ რამეა სათქმელი, ბარემ ბოლომდე თქვი. დიპლომატიის, განსაკუთრებით აღმოსავლური დიპლომატიის პრინციპია, რომ ყველაფერზე ღიად არ უნდა ილაპარაკო. მთელ ამ ამბავში ყველაზე მთავარი ის არის, ამ გაუთავებელ იწილო-ბიწილოსა და ჭიდაობაში საქართველო სუსტდება, და ეს მხოლოდ იმიტომ კი არ ხდება, რომ ქვეყანაში საშინელი ფსიქოლოგიური ფონია და ხალხი მუდმივად პოლიტიკურ დაპირისპირებაშია, სხვა უამრავი პოლიტიკური გამოწვევებიც არის. იხსნება შესაძლებლობათა ფანჯრები, მაგრამ ჩვენ ვერაფერზე ვერ ვახდენთ დროულ რეაგირებას. ახლახან, როცა რუსეთმა ბიჭვინთის ანექსია დაიწყო, უზარმაზარი შესაძლებლობა გაჩნდა სოხუმში. რუსეთ-უკრაინის ომის დასაწყისში აფხაზი საზოგადოება დარწმუნებული იყო, რომ ქართული არმია სოხუმში შეიჭრებოდა. ეს რომ არ მოხდა, ამის გამო ძალიან მადლიერები არიან. უკვე სოცქსელებშიც წერენ, ხომ არ გადაგვეხედა ქართველებთან ურთიერთობისთვისო. ბიჭვინთაში მომხდარი ამბის შემდეგ კი ასეთი ფრაზებიც გაჩნდა, ასეთი რამ ჩვენთვის ქართველებსაც კი არ გაუბედავთო. ნახეთ, რა მაგარი ამბავია, მაგრამ არავის სცალია ამ გახსნილი შესაძლებლობის ფანჯრისთვის, რომელიც შესაძლოა სულ მალე დაიხუროს. ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევის შესახებ გეტყვით – დღეს ძალიან აქტიური მუშაობაა დაწყებული ერთ-ერთ ქართულ ეთნოჯგუფში სეპარატიზმის გასაღვივებლად, მაგრამ პასუხის გამცემი კაციშვილი არ არის. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჯერ ვერაფერს გეტყვით. თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ საქართველო ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას”, – განაცხადა არეშიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები