დღეს Art-გენის თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება
დღეს, ფესტივალი “Art-გენი 2022-ის” თბილისის ტური ნიაზ დიასამიძის კონცერტით დაიხურება.
დასკვნით კონცერტამდე, მაყურებელი ასევე მოუსმენს „ბერიკაცებს”, ლელა თათარაიძეს და ტრიო „კესანეს”. დღესვე Art-გენის სცენა უმასპინძლებს: თუშეთის და კახეთის რეგიონულ ანსამბლებს.
ფესტივალი 15 ივლისს „სუხიშვილების” ახალი პროგრამის კონცერტით გაიხსნა. 16, 17, 22 და 23 ივლისს, Gaga Fran-ის REggaeon-ის ნინო ქათამაძის და სანდრო ნიკოლაძის კონცერტები გაიმართა. Art-გენის სცენა დაეთმო ასევე: ქართული ბრძოლის ამბავს „ჰოროლს”, სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „აფხაზეთს”, „გორდელას”, ანსამბლებს: „ქალილოს”, „ძირიანს”, „მესხეთს” და „ადილეის”
არტ-გენი 2022 რეგიონული ტრუნეთი 9 ივლისს, რუსთავში, Gaga Fran-ის, ნიაზ დიასამიძის , Reggaeon-ის და „სუხიშვილების კონცერტით გაიხსნა. ფესტივალის რეგიონული ტურნე 30 ივლისს, დმანისში, პანტიანის ტბაზე დაიხურება, სადაც „ჩვენებურების” და „გორდელას” კონცერტები გაიმართება. ასევე მოეწყობა „ჰოროლის” ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა.
ფესტივალის მთავარი სპონსორია “ავერსი”, გენერალური სპონსორი – „ნიკორა”. ფესტივალის მხარდამჭერია კულტურის სამინისტრო და თბილისის მერია. მხარდამჭერები: პირველი არხი, „თიბისი”, ლუდი „ნატახტარი”, „ნაბეღლავი”, „მილდიანი”. ფესტივალი Art-გენი 2004 წელს დაფუძნდა. წლების მანძილზე Art-გენმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დააარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა.
ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით არტგენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. წლების მანძილზე Art-გენმა ბევრი ახალი ანსამბლის, ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ.
ფოლკლორის, ქართული რეწვის და თანამედროვე, საავტორო ცოცხალი მუსიკის პოპულარიზაციის გარდა, ფესტივალი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს რეგიონულ განვითარებასა და ქვეყნისთვის ისტორიულ-კულტურული თუ ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ადგილების პოპულარიზაციას. ამიტომ რეგიონული ტურნეს დაგეგმვისას, Art-გენი ყოველთვის განსაკუთრებული ყურადღებით არჩევს ფესტივალის ლოკაციის ადგილებს.