დღეს სვანეთი და რაჭა ,,მთის დღეებს,, მასპინძლობს
საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაგეგმილი, მთის კვირეული გრძელდება.
დღეს სვანეთი და რაჭა ,,მთის დღეებს,, მასპინძლობს.
მესტიაში, ჰეშკილის ტერიტორიაზე მოწყობილ საფესტივალო სივრცეში წარმოდგენილია ადგილობრივი სამზარეულო, ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის მასტერკლასები. ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს მრავალფეროვან მუსიკას, საცეკვაო ნომრებს, ასევე, სპორტულ აქტივობებსა და შემეცნებითი ტურებს ჰპირდებიან. სტუმრებს ცნობილი შეფ-მზარეულები – მიშა ავსაჯანიშვილი და რუსო დაუშვილი, ასევე, ადგილობრივი მზარეულები უმასპინძლებენ. ისინი ფესტივალის სტუმრებისთვის ტრადიციულ კერძებს მოამზადებენ, ასევე, ჩაატარებენ მასტერკლასებს, ადგილზე კერძების დეგუსტაცია ყველა მსურველს შეუძლია.
ფესტივალის ფარგლებში, ჩატარდა მესტიის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი.
რაც შეეხება, რაჭას ‘’მთის დღეები’’ შოვში აღინიშნება. სტუმრებს მთელი დღის მანძილზე შესაძლებლობა აქვთ, დააგემოვნონ ტრადიციული ადგილობრივი სამზარეულოს კერძები, დაესწრონ ქსოვის, რეწვისა და ხეზე კვეთის გაკვეთილებს, ისიამოვნონ მრავალფეროვანი მუსიკით, ცეკვით, სპორტული აქტივობებითა და სხვადასხვა შემეცნებითი ტურებით.
ფესტივალის ფარგლებში, ღვაწლმოსილი რაჭველების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლებსაც სიმბოლურ საჩუქრები საქართველოს პრემიერმინისტრის სახელით სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ პირადად გადასცა.
ფესტივალს კონცერტი დაასრულებს, რომელშიც ადგილობრივი და თბილისიდან მიწვეული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას.