ევროკავშირი მიესალმება უკრაინის, რუსეთის, თურქეთის და გაეროს მიერ მარცვლეულის უკრაინული ექსპორტისთვის შავი ზღვის პორტების განბლოკვის შესახებ სტამბოლში ხელმოწერილ დღევანდელ შეთანხმებას.
ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ეს არის წინგადადგმული ნაბიჯი, რათა დაძლეული იქნეს გლობალური სასურსათო კრიზისი, რომელიც გამოწვეულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიით და მისი წარმატება დამოკიდებული იქნება დღევანდელი შეთანხმების სწრაფ და კეთილსინდისიერ განხორციელებაზე.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიას აქვს გამანადგურებელი გლობალური შედეგები. რუსეთი მიზანმიმართულად ანადგურებს უკრაინის სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და აღჭურვილობას, იწვევს საწვავის ნაკლებობას და მთელ მსოფლიოში ქმნის სურსათის მიწოდების პრობლემებს უკრაინის პორტების ბლოკირებით და უკრაინული მარცვლეულის მოპარვით. რუსეთმა ფაქტობრივად საფრთხის წინაშე დააყენა მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სასურსათო უსაფრთხოება. ამჟამინდელი შეთანხმება ამ ნეგატიური კურსის შეცვლის შესაძლებლობაა“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე გატანის ხელშეწყობას, ასევე, რუსული პროდუქტის ექსპორტზე გატანის შეზღუდვის მოხსნის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი.