რატი იონათამიშვილი: პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია

პრეზიდენტის შეფასებები უხერხულია – საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ, – ასე ეხმიანება “ქართული ოცნების” დეპუტატი, რატი იონათამიშვილი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომ „ქართული ოცნება“ „რუსეთს უფრთხილდება“.

იონათამიშვილის თქმით, მსგავსი შეფასებები უსაფუძვლოა.

„ძალიან უხერხულია, როცა იმ გუნდის მიმართ ასეთ შეფასებებს აკეთებს პრეზიდენტი, რომელმაც რუსეთს მოუგო სასამართლო საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რაც ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ასევე, წარმატებას მივაღწიეთ ჰააგის სასამართლოში, ანუ საერთაშორისო სასამართლოებში ჩვენ რუსეთს საქმეს საქმეზე ვუგებთ,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ელჩების დანიშვნასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „უხერხულია, როცა საქართველოს პრეზიდენტი ვერ ერკვევა საპარლამენტო რესპუბლიკაში იმ უფლებამოსილებების ზღვარში, რომელიც მას გააჩნია“.

„გამოჩნდა, რომ ვერ ერკვევა ამ საკითხებში და შეიძლება ესეც იყოს ერთ-ერთი მიზეზი იმ გაურკვეველი ქმედებების, რომელიც ამ მხრივ აქვს. ასევე მიუღებელია ჩვენი ელჩის რეპუტაციაზე ამ მხრივ საუბარი, რომელიც არის ძალიან პროფესიონალი, ძლიერი საქმის მცოდნე ადამიანი და ამ ქვეყნის პატრიოტი,“ – განაცხადა იონათამიშვილმა.

ცნობისათვის, სალომე ზურაბიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ როცა ხელისუფლება “ლანძღავს ელჩებს, ლანძღავს ევროპარლამენტარებს, გაუგებარია, ჩვენ საითკენ მივდივართ. „რუსეთს ვუფრთხილდებით როგორც არასოდეს, „ვაიმე, რამე არ ვთქვათ“ და „ვაიმე, არ ვაწყენინოთ“.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები