რატი იონათამიშვილი: მნიშვნელოვანია, რომ ნედ პრაისმა თავისი განცხადება საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერით დაიწყო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებას გამოეხმაურა.

„პირველ ყოვლისა, მნიშვნელოვანია, რომ ნედ პრაისმა თავისი განცხადება საქართველოსადმი მკაფიო მხარდაჭერით დაიწყო. როდესაც ჩვენი ოპონენტები თავდასხმაზე საუბრობენ, თუ ვინმეს დაავიწყდა, მე გავახსენებ, როდესაც სააკაშვილი დასავლეთს იმპერიასა და კოლონიური ზრახვების მქონეს უწოდებდა, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები სტრასბურგის სასამართლოს უწოდებდნენ კორუმპირებულ რუსულ სასამართლოს და გვარამია და სხვები პირდაპირ ესხმოდნენ თავს ჩვენი პარტნიორი ქვეყნების – აშშ-ის, გერმანიის, სხვა დასავლური ქვეყნების ელჩებს. ნედ პრაისის განაცხადია, ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო, როდესაც მან აღნიშნა, რომ ის სასამართლო ქეისებს არ იცნობდა, ანუ, ფაქტობრივად, იმას, რაზეც ჩვენს საზოგადოებას ლეგიტიმური და ლოგიკური კითხვები ჰქონდა. ცხადია, მოსამართლეს არავინ არ უნდა მოსთხოვოს ანგარიში, რატომ მიიღო ესა თუ ის გადაწყვეტილება. ეს ძალიან უხეში ჩარევაა. ამაზე ჩვენ განმარტებები დღემდე არ მოგვისმენია. როგორც ჩანს, ვაშინგტონში ამ საკითხით დაინტერესდნენ“, – აცხადებს იონათამიშვილი.

ცნობისთვის, ნედ პრაისის განცხადებით, ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მხარს უჭერენ. მისი თქმით: “ევროპულმა საბჭომ საქართველოს მიანიჭა ევროპული პერსპექტივა და რეფორმების გეგმა, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ საქართველომ კანდიდატის სრული სტატუსი მიიღოს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველი ხალხი დიდი უმრავლესობით უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას და ჩვენ, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ ამ მისწრაფებას. თუმცა, ბოლო დროს საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის რიტორიკა, როგორც ჩანს, ცდილობს, ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეებს ამ მიზნისკენ სწრაფვაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები