ბრიტანეთში კონსერვატიული პარტიის ახალი ლიდერის არჩევის მესამე ტური გაიმართება
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატაში დღეს კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის არჩევის მესამე ტური გაიმართება.
ამის შესახებ Sky News-ი წერს.
კენჭისყრის შედეგები გვიან ღამით იქნება ცნობილი.
ამჟამად, თავმჯდომარეობის ხუთი კანდიდატია დარჩენილი: რიში სუნაკი, ლიზ ტრასი, პენი მორდონტი, ტომ ტუგენჰატი და კემი ბადენოხი.
დღევანდელი ტურის შედეგად, რბოლას კიდევ ერთი კანდიდატი გამოაკლდება, ხვალ იქნება მომდევნო რაუნდი, ხოლო ოთხშაბათს – 20 ივლისს კენჭისყრის ბოლო ტურია, რომლის დროს ორი ფინალისტი გამოვლინდება.
21 ივლისს ბრიტანეთის პარლამენტში არდადაგები იწყება. ამ პერიოდიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით კონსერვატიული პარტიის წევრები, ფოსტით უყრიან კენჭს პარტიის ახალ ლიდერს.
შედეგები 5 სექტემბერს გახდება ცნობილი, შესაბამისად, ამ დღიდან დიდ ბრიტანეთს ახალი პრემიერმინისტრიც ეყოლება.