არჩილ თალაკვაძე: პოპულიზმი, რომელიც ევროპაშიც დამაზიანებელია, საქართველოშიც დამაზიანებელია, ევროპაშიც სირცხვილია პოპულიზმი, საქართველოშიც სირცხვილია, მოდით – შევწყვიტოთ პოპულიზმი და რეალური სამუშაო პროცესით გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვევალება და შევასრულოთ რეკომენდაციები და პირობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან

„პოპულიზმი, რომელიც ევროპაშიც დამაზიანებელია, საქართველოშიც დამაზიანებელია, ევროპაშიც სირცხვილია პოპულიზმი, საქართველოშიც სირცხვილია, მოდით – შევწყვიტოთ პოპულიზმი და რეალური სამუშაო პროცესით გავაკეთოთ ის საქმე, რომელიც გვევალება და შევასრულოთ რეკომენდაციები და პირობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროპასთან. რაც მთავარია, ეს გავაკეთოთ მშვიდად, არ არის საჭირო ამდენი ნერვიულობა. სიმშვიდე სჭირდება ჩვენს საზოგადოებას და სჭირდება შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა და თქვენ რომ სხდომის მოსაწვევად ცალკე მიმართეთ ქალბატონ პრეზიდენტს, ეგ არ არის შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკა, პირდაპირ გეუბნებით”, – მიმართა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” და ოპოზიციის სხვა დეპუტატებს, რომელთა ინიციატივის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის მიერ მოწვეული იქნა პარლამენტის რიგგარეშე სესია.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ყველასთვის უკეთესი იქნება სიმშვიდის შენარჩუნება, ვინაიდან „არ არის დღეს ის ვითარება პარლამენტში და ქვეყანაში, რომ ხელოვნურად შევქმნათ აჟიოტაჟი და ავწიოთ ტემპერატურა”. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია თუ რა არის გასაკეთებელი და ასევე ყველამ კარგად იცის, რომ შესაბამისი სამუშაო პროცესი უკვე დაწყებულია.

„რეალურად სიმართლე, რომ გითხრათ ოპოზიციის წარმომადგენლებს, მიმაჩნია, რომ თავმჯდომარე დღეს ძალიან დელიკატურად მოიქცა, როდესაც კაზუსი დაარქვა იმას, რაც თქვენ გააკეთეთ და რაზეც თქვენ საუბრობდით. სინამდვილეში რა ჰქვია ამას, ერთად შევაფასოთ. პირველი – ბატონო დავით, თქვენ ამ სხდომაზე ბრძანეთ, რომ არ ვარ მომხრე დაბალი ბარიერისო, მაგრამ მაინც ძალიან მინდა რომ მივიღოთო. აქ ითქვა, რომ გვინდა ჩავერთოთ პროცესში, გვინდა ვიმუშაოთ რეკომენდაციების შესრულებაზე, მაგრამ ფაქტია, რომ კომიტეტების სხდომებს და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს თქვენ არ ესწრებით და მასში თქვენ არ მონაწილეობთ. მესამე – თქვენ მოგვიწოდებთ თანხმობისაკენ, ინკლუზიური პროცესისკენ. ბევრჯერ ახსენეთ აქ, რომ მოდით, ერთად რამე გავაკეთოთ, მოდით რაღაცაზე მაინც შეთანხმებული გადაწყვეტილებები მივიღოთ. სინამდვილეში სწორედ თქვენ ხართ ის ადამიანები, ვინც რიგგარეშე სესიის მოწვევა სცადეთ სწორედ შეთანხმების გარეშე, მაშინ, როდესაც ძალიან კარგად იცოდით, რომ უმრავლესობის გარეშე და დღის წესრიგის გარეშე ამ სხდომის ჩატარება იყო შეუძლებელი. აგერ მინიმუმ სამი ფაქტი მოგიყვანეთ, სადაც პირდაპირ ორმაგი სტანდარტით მოქმედებთ. სადაც, პირდაპირ გეუბნებით, ამას კაზუსი კი არა, ამას ჰქვია პოპულიზმი, როდესაც ერთს ამბობ, მეორეს აკეთებთ, მხოლოდ იმიტომ რომ მოკლევადიანი ეფექტი მიიღო”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. მან ასევე მიმართა ლევან ბეჟაშვილს და აღნიშნა, რომ გასაკვირია მისი კომენტარი ბარიერის დაწევის თაობაზე.

„როდის მერე მიგაჩნიათ, რომ დეპოლარიზაციაა ბარიერის დაწევა. მე როგორც მახსოვს, თქვენ იმ პარტიას წარმოადგენთ, ვინც ბარიერის დაწევის შემდეგ არჩევნები რომ ჩატარდა, 7-8 თვის განმავლობაში პარლამენტშიც არ შემოდიოდით, პლუს ზეწოლას ახდენდით კოლეგა ოპოზიციურ პარტიებზე, რომ ისინიც არ შემოსულიყვნენ. ასე გესმით დეპოლარიზაცია და თქვენ ასე გგონიათ, რომ ბარიერის დაწევის მერე მომავალშიც ასეთ დეპოლარიზაციას გააკეთებთ. ძალიან ჩქარობთ, ჩქარობთ იმაზე მეტად, ვიდრე აკეთებთ. სინამდვილეში ბატონმა ირაკლი კობახიძემ აგიხსნათ გასაგებად, როდესაც ოპოზიცია დაგვარწმუნებს იმაში, რომ ბარიერის დაწევა ნამდვილად მოემსახურება დეპოლარიზაციას, მაშინ ჩვენ მზად ვიქნებით, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება თქვენთან ერთად, სხვათა შორის, ჯერჯერობით სრულიად საპირისპიროში დაგვარწმუნეთ. ეს არის სიმართლე?”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები