სოსო არჩვაძე: პერსპექტივაში უნდა ველოდოთ, რომ ჩვენ საკმაოდ სოლიდური ეკონომიკური ზრდა გვექნება

ეკონომისტ სოსო არჩვაძის განცხადებით, პერსპექტივაში უნდა ველოდოთ, რომ საქართველოს საკმაოდ სოლიდური ეკონომიკური ზრდა ექნება. ამის შესახებ არჩვაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ეკონომისტმა მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებზე ისაუბრა.

„საქართველო გლობალურ პროცესებშია ინტეგრირებული. ევროკავშირის წილი მის იმპორტში დაახლოებით 23 %-მდეა, ექსპორტში ცოტა ნაკლებია, დაახლოებით, 17 %. თუმცა, აქაც პერსპექტივა ჩანს: მაისის თვის მონაცემების მიხედვით, ჩვენ ევროკავშირში ექსპორტი წინა წლის მაისთან შედარებით 89 %-ით გავზარდეთ – მაშინ, როცა იმპორტი სამჯერ ნაკლები ტემპით, 28 %-ით გაიზარდა. იმის თქმა მინდა, რომ რეალურ სექტორში ბოლო პერიოდში სერიოზული, თვალშისაცემი წარმატებებია, გვეზრდება საწარმოო სექტორში წარმოების მოცულობა და ექსპორტი, ბიზნესსექტორის მესამედზე მეტი უკვე მთლიანად ექსპორტზეა ორიენტირებული და ეს მაჩვენებელი იზრდება. პერსპექტივაში უნდა ველოდოთ, რომ ჩვენ საკმაოდ სოლიდური ეკონომიკური ზრდა გვექნება, ეს რეალური სექტორის გათვალისწინებით. ამას უნდა დავუმატოთ ის მეტ-ნაკლებად ხელსაყრელი ეკონომიკური სიტუაცია, რაც გლობალური მასშტაბით ყალიბდება. საუბარია ჩინეთსა და ევროპას შორის სატრანსპორტო ნაკადების სამხრეთით გადმომისამართებზე. ყაზახეთიდან დაძრული ტვირთების საკმაოდ სოლიდური ნაწილი საქართველოს ტერიტორიის გავლით უკვე გადის. ეს ნიშნავს, რომ სწორედ ჩვენი გეოპოლიტიკური მდებარეობის ეფექტიანად გამოყენების ხარჯზე მთლიანი შიდა პროდუქტის სულ უფრო მზარდი ნაწილი მომსახურების სფეროში შეიქმნება. ამ შანსის უფრო მეტად ეფექტიანად გამოყენებაზე უნდა ვიფიქროთ.
საქართველო იმპორტდამოკიდებული ქვეყანაა. ჩვენ ყოველწლიურად დაახლოებით 1.3 მილიარდი დოლარის საწვავის რესურსების შემოტანა გვიწევს, აქაა ნავთობი, ელექტროენერგიაც, ბუნებრივი აირიც, ქვანახშირც. ჩვენ, ერთი მხრივ, შიდა რესურსებით იმ პროდუქციის, მათ შორის ენერგომატარებლების წარმოება უნდა გავზარდოთ, რისი შესაძლებლობაც, ტრადიციაც გვაქვს.
მინდა, აღვნიშნო, რომ, მიუხედავად, დოლარსა და ევროს შორის საქანელას პრინციპით მოძრაობისა, ქართული ბიზნესი მაინც მდგრადობას ინარჩუნებს. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო თვეების მანძილზე ეროვნული ვალუტა როგორც დოლართან, ისე ევროსთან მიმართებით მყარდება, ამით ჩვენს ექსპორტს პრობლემები არ შექმნია. ექსპორტი ბოლო თვეში 25 %-ით გაგვეზარდა“, – განაცხადა არჩვაძემ.
მანვე განმარტა, რატომ უფასურდება ევრო.
„ევროს გაუფასურება ცალკე, იზოლირებული მოვლენა არ არის. ის ობიექტურად წინააღმდეგობრივ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდება. ამ პროცესებში ჩართულები არიან ევროკავშირის სახელმწიფოები, პირველ ყოვლისა, ის ქვეყნები, სადაც ევრო ფუნქციონირებს, ანუ ევროზონის ქვეყნები. ვიმეორებ, ეს უკავშირდება გლობალურ პროცესებს, რეცესიას, რაც ზოგადად შეინიშნება, მათ შორის, ევროპის ქვეყნებში, ასევე, საწვავის გაძვირებას, რასაც ბოლო პერიოდში ჰქონდა ადგილი და იმ კონფლიქტურ მდგომარეობას, რაშიც მსოფლიო რუსეთ-უკრაინის ომის გამო აღმოჩნდა. ჯამურად,  ეს ყველაფერი საკმაოდ არასახარბიელო სურათს გვაძლევს, როდესაც ეკონომიკა დარტყმის ქვეშაა.
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ევროკავშირი, ევროზონა აშშ-სგან განსხვავებით დიდწილადაა დამოკიდებული იმპორტირებულ საწვავზე, ნავთობი იქნება ეს  თუ ბუნებრივი აირი; მაშინ, როცა აშშ-ს საკმარისზე მეტი პოტენციალი აქვს იმისათვის, რომ არა მარტო საკუთარი მოთხოვნილებები დააკმაყოფილოს, არამედ ექსპორტზეც გაიტანოს. თუმცა, საწვავზე ფასების მატება იქაც შეინიშნება. თუ რესურსულ პოტენციალს ავიღებთ: ნავთობის მხრივ მოსახლეობის ერთ სულზე აშშ-ს ევროკავშირთან შედარებით სულ ცოტა 50-ჯერ მეტი რესურსი გააჩნია. ეს მისთვის კრიზისის შედარებით მსუბუქ ფორმებში წარმართვაზე ახდენს გავლენას. ევროკავშირში საწვავზე, განსაკუთრებით სამომხმარებლო დანიშნულების ბენზინზე ფასები ბოლო 1 წლის მანძილზე 41 %-ით გაიზარდა. შეიძლება, კიდევ გაძვირდეს. აღარაფერს ვამბობ ბუნებრივ აირზე, რუსეთისგან საწვავის მიწოდების შემცირების და შეწყვეტის გამო უფრო მძიმე ზამთარს ელოდებიან”, – განაცხადა არჩვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები