საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გასტონ ბუაჩიძის გარდაცვალების გამო.
„ვეფხისტყაოსნის” და ვაჟა – ფშაველას შემოქმედების ფრანგულ ენაზე მთარგმნელის, პროფესორ გასტონ ბუაჩიძის კვლევის ძირითადი თემა გახლდათ ქართული და ფრანგული ლიტერატურის კონტაქტები.
ის იყო თბილისის და ნანტის დაძმობილების ინიციატორი.
1999 წელს, მისივე მოწადინებითა და უზარმაზარი მუშაობის შედეგად, ნანტის ხელოვნების მუზეუმში გაიმართა ფიროსმანის გამოფენა. ამ ექსპოზიციას მიეძღვნა საგანგებო კატალოგი, რომელიც იხსნება გასტონ ბუაჩიძის ტექსტით: „ფიროსმანი, ლეგენდარული ფერების სიცოცხლე“.
ცნობილმა ფრანგულმა და შვეიცარიულმა გამომცემლობებმა სხვადასხვა დროს დაბეჭდეს გასტონ ბუაჩიძის მიერ შესრულებული თარგმანები ქართულიდან ფრანგულად: „ქართული პროზა დასაწყისიდან დღემდე“(1998 წელს), გალაკტიონ ტაბიძის „მე და ღამე“ (ლექსების კრებული, 1998 წელს), ილია ჭავჭავაძის „ლექსები და პროზა“ (2009 წელს), ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია“ (2012 წელს).
2012 წელს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაში ფრანგულად გამოვიდა მის მიერ თარგმნილი აკაკი წერეთლის „ლექსთა კრებული“.
ფრანგმა მკითხველმა დიდი ინტერესით მიიღო გასტონ ბუაჩიძის სხვა ნაშრომებიც: „ფერები რემბოსთან“ (1991), „ფორთოხალი, ანგელოზთა ოქრო“, აპოლინერის სიტყვათა თამაში (1992), „მარი ბროსეს ცხოვრება“ (1998), ნოველა „ვარდები მარგარიტასთვის“ (ორი გამოცემა, 1999 და 2008 წელს), ტრილოგია „ფეხდაფეხ“, „მარკიზ დე კიუსტინის მოგზაურობა რუსეთში“ (2005) და სხვ.
გასტონ ბუაჩიძის ხელიდან გამოსულ ნებისმიერ ლიტერატურულ ტექსტს ეტყობოდა სათქმელის სიღრმე და დახვეწილი გემოვნება, რამაც ამ ბრწყინვალე მთარგმნელს, მწერალსა და მოღვაწეს იმთავითვე მაღალი რენომე შეუქმნა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და სრულიად სამეცნიერო საზოგადოებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.