კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით გამოცემული წიგნი-ალბომის – „თანამედროვე ქართული საეკლესიო ქანდაკება“ წარდგენა გაიმართა

აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიის სააქტო დარბაზში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით მომზადებული და გამოცემული წიგნი-ალბომის „თანამედროვე ქართული საეკლესიო ქანდაკება“ პრეზენტაცია გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი დავითი – აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, მოქანდაკე პაატა გიგაური და ალბომზე მომუშავე ჯგუფის სხვა წევრები, მხატვარი ყარამან ქუთათელაძე, წიგნის რედაქტორი, ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრა გაბუნია, ხელოვნების ისტორიკოსი ზაზა სხირტლაძე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გეგეჭკორი, სამხატვრო აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ნინო ღაღანიძე და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„ორენოვან ალბომში შესულია საქართველოში მდებარე 20-ზე მეტ ეკლესიაში არსებული რელიეფების, ბარელიეფების და ორნამენტების ვიზუალური მასალა, მათ შორის: წმ. სამების საკათედრო ტაძრის მთავარი საკურთხევლისა და სამკვეთლოს ტრაპეზები; წმ. გიორგის ეკლესია დიდ ნეძში; წმ. იოანე ნათლისმცემლის ეკლესია ქოშიგორაში; თბილისში მდებარე საქართველოს საპატრიარქოს ხარების ეკლესიის ტიმპანის ქვები და ტრაპეზი; წმ. ნიკოლოზის ეკლესიის კანკელი სოფელ დიღომში და სხვა.
1990-იან წლებში, სამხატვრო აკადემიის დამთავრების შემდეგ მოქანდაკეთა ჯგუფმა (პაატა გიგაური, თემურ ხინჩაგაშვილი, ნოდარ როსტიაშვილი, ირაკლი ღონღაძე, დავით ფაჯიშვილი, თემურ მაღლაკელიძე და გიორგი კვაჭაძე) ჩამოაყალიბა შემოქმედებითი გაერთიანება „პალეოლითი“, რომელიც უკვე 35 წელია აქტიურად არის ჩართული საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არსებული ტაძრების, რელიეფების, ბარელიეფების, ქვაში კვეთის სხვადასხვა ფორმების აღდგენა-რესტავრაცია-კონსერვაციის საქმეში. ამასთან, ჯგუფის წევრები ეპარქიებში ცალკეულ მონასტრებთან და ტაძრებთან არსებულ სახელოსნოებში, საეკლესიო ქრისტიანულ ქანდაკებას საკუთარი, ახალი, თანამედროვე მიგნებებითა და ინოვაციებით ავითარებენ.
აღსანიშნავია, რომ 2021 წელს, ჯგუფის წევრებმა პროექტით „თანამედროვე ქართული ქრისტიანული ქანდაკება“ მომართეს კულტურის სამინისტროს, რის შედეგადაც დაფინანსდა საქართველოს ტერიტორიაზე ჯგუფის მიერ შექმნილი საეკლესიო ქანდაკებების ფოტოფიქსაცია, ხელოვნების მკვლევარის მიერ ტექსტის შემუშავება, ტექსტის თარგმნა, ინგლისურ ენაზე, რედაქტირება/კორექტირება და წიგნის კონცეფციის შემუშავება. ციფრული ვერსიის მომზადებაში მონაწილეობდნენ: რედაქტორი – ალექსანდრა გაბუნია, მოქანდაკე პაატა გიგაური, ფოტოგრაფი ბესო გულიაშვილი, ხელოვნების ისტორიკოსი ზაზა სხირტლაძე, მთარგმნელი მარიამ დვალი, დიზაინერი არჩილ თურმანიძე“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მიმდინარე წელს კი კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით წიგნი-ალბომის „თანამედროვე ქართული ქსაეკლესიო ქანდაკება“ 500 ეგზემპლარი გამოიცა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები