„ადამიანი, რომელსაც ორი სამშობლო ჰქონდა – საქართველო და საფრანგეთი“ – გასტონ ბუაჩიძე გარდაიცვალა
86 წლის ასაკში საფრანგეთში მოღვაწე მწერალი, მთარგმნელი და მეცნიერი გასტონ ბუაჩიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე მთარგმნელი ქეთევან კოკოზაშვილი ავრცელებს.
„საღამოს აქ შემოსულს მეგობრის მოწერილი დამხვდა, გასტონ ბუაჩიძე გარდაცვლილაო… ადამიანი, რომელსაც ორი სამშობლო ჰქონდა – საქართველო და საფრანგეთი და ძალიან ბევრიც გააკეთა ქართულ-ფრანგული კულტურული ურთიერთობისთვის. ბევრი რამ თარგმნა ფრანგულიდან ქართულად, განსაკუთრებით ბევრი იშრომა ქართულიდან ფრანგულ ენაზე თარგმნისთვის. მხოლოდ ,,ვეფხისტყაოსნის” დასახელებაც იკმარებდა, მაგრამ ვაჟა-ფშაველას ექვსი პოემა, გალაკტიონ ტაბიძის ლექსები ირაკლი ფარჯიანის მხატვრობით, ჭაბუა ამირეჯიბის „დათა თუთაშხია”, ქართული პროზის ანთოლოგია უძველესი საუკუნეების ნიმუშებიდან მეოცე საუკუნის მიწურულის ჩათვლით – ცოტა არ არის!
მისი მოწადინებით, 1999 წელს ნანტის ხელოვნების მუზეუმში გამოიფინა ფიროსმანის ნამუშევრები. აღარაფერს ვამბობ მის ძალიან საინტერესო წერილებზე, დავით წერედიანის ვიიონის თარგმანის ვრცელ შესავალზე და ბევრ სხვა რამეზე…. ერთხელ მითხრა, „ვეფხისტყაოსნის” თითოეული სტროფის შვიდი ვერსია მქონდა, მერე ერთმანეთთან ვაჯერებდი და საუკეთესოს ვარჩევდიო. ასეთი კულტუროლოგი და პროფესიონალი ადამიანი იყო“, – წერს ქეთევან კოკოზაშვილი.