გია ხუროშვილი საკრებულოს თავმჯდომარეს ანგარიშის წაკითხვას ურჩევს

  საბურთალოს ყოფილი გამგებელი გია ხუროშვილი საკრებულოს თავმჯდომარის იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი ალიბეგაშვილმა საბურთალოსა და ვაკის რაიონის გამგეობაში ფინანსური რევიზია დააანონსა. გია ხუროშვილის განცხადებით, საკრებულოს თავმჯდომარემ იმ პროექტების ანგარიში წაიკითხოს, რომელიც თავად საბურთალოს ახალ გამგებელს სამუშაო მაგიდაზე დაუტოვა.
„მე მინდა შევახსენო საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ წაიკითხოს ის ანგარიში, რაც მაგიდაზე დახვდა და გაიგებს, თუ რა პროექტები განხორციელდა საბურთალოს რაიონში და ასევე გაიგებს იმასაც, რომ მოსახლეობამ საკრებულო დარჩენილი პრობლემების მოსაგვარებლად აირჩია.
საკრებულოს თავმჯდომარე ალიბეგაშვილის საქმე გამოძიება არ არის. სჯობია, რომ „ოცნებამ“ დაასრულოს ეს მოდად ქცეული საყოველთაო პოლიტიკური დევნა და თბილისელების პრობლემებს მიხედონ. უნდოდათ ხელისუფლება? – აი ბურთი და მოედანი,
კეთილი ინებონ და ბიუჯეტიც შეავსონ, ფულიც მიზნობრივად დახარჯონ და საქმეც გააკეთონ. თორემ აუცილებლად მოიღებენ იმაზე უარესს, ვიდრე ოდესმე წარმოუდგენიათ“, – აცხადებს გია ხუროშვილი.
შეგახსენებთ, რომ საკრებულო თბილისისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის უკვე გახარჯული თანხის რევიზიას იწყებს. სპეციალური ჯგუფები, რომლებიც დედაქალაქის ფინანსურ მდგომარეობას შეისწავლიან, მუშაობას უკვე შეუდგნენ.
საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ამბობს, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის დიდი ნაწილი უკვე გახარჯულია, რის გამოც იგი დაგეგმილი პროექტების დროებით შეჩერებას არ გამორიცხავს.
ალიბეგაშვილის თქმით, ფინანსური კუთხით განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობა ვაკისა და საბურთალოს გამგეობებშია, სადაც გამოყოფილი თანხის 80% გახარჯულია.
“სავალალო მდგომარეობაა ცალკეული გამგეობების მიხედვით. განსაკუთრებით შეიძლება ვაკის, საბურთალოს დასახელება. აი ეს უბნები, სხვებიც, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვაგან უკეთესი მდგომარეობაა. არის გამგეობა, სადაც ვთქვათ 80-82%-იც კი არის გახარჯული და, ფაქტობრივად, ოთხი თვისთვის დარჩენილია სულ რაღაც 20%. დაწყებულია უკვე, მაგრამ იმ კვირიდან ძალიან ინტენსიურად დაიწყება ამის კვლევა”, – განაცხადა გიორგი ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები