კოლეჯიდან პროტესტამდე — რუბინა ამინიანის ტრაგიკული და უკანასკნელი გზა ირანში

“ირანის ადამიანის უფლებების ორგანიზაციამ მოიპოვა ახალგაზრდა სტუდენტი გოგონას მკვლელობის დეტალები, რომლებიც ნათელს ჰფენს ირანში ანტისამთავრობო მომიტინგეების დარბევის მასშტაბებს და კიდევ უფრო ზრდის შეშფოთებას, რომ ბოლო დროს მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართული საპროტესტო აქციების დროს, შესაძლოა, ასობით ადამიანი დაიღუპა”,- ამის შესახებ Iran Human Rights-ი წერს.

მათივე ცნობით, 23 წლის რუბინა ამინიანი, თეირანის შარიათის კოლეჯის მოდის დიზაინის სტუდენტი, ხუთშაბათს, 8 იანვარს საღამოს, კოლეჯის დატოვების და საპროტესტო შეკრებებში მონაწილეობის შემდეგ მოკლეს.

რუბინას ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა, თვითმხილველებზე დაყრდნობით, Iran Human Rights-ს განუცხადეს, რომ მარივანიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქურთ ქალს ახლო მანძილიდან, უკნიდან ესროლეს და მას ტყვია თავში მოხვდა.

მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, რუბინა ამინიანის ოჯახის წევრები თეირანში, მისი ცხედრის იდენტიფიცირების მიზნით ჩავიდნენ.

„ოჯახი კოლეჯთან ახლოს მდებარე ადგილას გადაიყვანეს, სადაც მათ საპროტესტო აქციების დროს მოკლული ასობით ახალგაზრდის ცხედარი დახვდათ. მსხვერპლთა უმეტესობა 18-დან 22 წლამდე ასაკის ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც სამთავრობო ძალებმა ახლო მანძილიდან თავისა და კისრის არეში ესროლეს. თავდაპირველად, ოჯახს რუბინას ცხედრის იდენტიფიცირების უფლება არ მისცეს, მოგვიანებით კი მისი ცხედრის თან წაღების უფლებაც არ მისცეს.

ოჯახი იძულებული გახდა, თავად ეძებნა ცხედრებს შორის ქალიშვილი და მათ ნახეს პროტესტის დროს მოკლული ახალგაზრდების მრავალი ცხედარი“,- განუცხადეს ამინიანების ოჯახთან დაახლოებულმა წყაროებმა Iran Human Rights-ს.

“ეს მხოლოდ ჩემი ქალიშვილი არ იყო. მე საკუთარი თვალით ვნახე ასობით ცხედარი“ – განაცხადა რუბინას დედამ.

ინფორმირებულმა წყაროებმა დასძინეს:
„დიდი ბრძოლის შემდეგ, რუბინას ოჯახმა საბოლოოდ მოახერხა მისი ცხედრის ამოღება და კერმანშაჰში დაბრუნება. თუმცა, ჩასვლისთანავე აღმოაჩინეს, რომ სადაზვერვო ძალებს ალყაში ჰქონდათ მოქცეული მათი სახლი და არ ჰქონდათ მისი დაკრძალვის უფლება“.

გავრცელებული ცნობით, ოჯახი საბოლოოდ იძულებული გახდა, მისი ცხედარი კერმანშაჰსა და კამიანს შორის მდებარე გზის პირას დაეკრძალათ.

რუბინა ამინიანთან დაახლოებული წყაროები მას აღწერენ, როგორც ახალგაზრდა ქალს, რომელიც სავსე იყო ცხოვრების სიყვარულით და გატაცებული იყო მოდისა და ტანსაცმლის დიზაინით, “რომლის ოცნებებიც ისლამური რესპუბლიკის ძალადობრივმა რეპრესიებმა დამარხა”.
მისწერეთ კვირა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები