დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკება მიმდინარეობს (ვიდეო)
ჩინურ კომპანია „ჰუალინგ ჯგუფთან“ დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ შეძენილი ბინები დევნილებს გადაეცემათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისის ზღვაზე მშენებარე ოლიმპიურ სოფელში განაცხადა, სადაც სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.
პრემიერის განცხადებით, ეს არის ჩინური კომპანიის მიერ განხორციელებული ძალიან საინტერესო ინვესტიცია. როგორც პრემიერმა აღნიშნა, პროექტის თანახმად 17 კორპუსი აშენდება, საიდანაც 9 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის სტუმრების დაბინავებას უზრუნველყოფს. მისივე ინფორმაციით, კომპანიას გააჩნია სხვა საინვესტიციო წინადადებებიც და საქართველოში დამატებით ასობით მილიონის ინვესტირებას აპირებს.
როგორც ჩინური კომპანია „ჰუალინგ ჯგუფის“ გენერალურმა მდივანმა ვანგ შენსინიმ ირაკლი ღარიბაშვილს განუმარტა, მშენებლობა 2015 წლის მარტში დასრულდება. ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი 2015 წლის 25 ივლისიდან 1 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. ევროპის მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები სპორტის 9 სახეობაში – ველოსპორტში, ჩოგბურთში, სპორტულ ტანვარჯიშში, ხელბურთში, მძლეოსნობაში, კალათბურთში, ცურვაში, ფრენბურთში და ძიუდოში გაიმართება. საქართველოს დედაქალაქს 49 ქვეყნის ოლიმპიელი და 10 ათასამდე სტუმარი ეწვევა, მედლებისთვის კი 13-დან 18-წლამდე ასაკის 4 ათასზე მეტი სპორტსმენი იბრძოლებს.
[youtube url=”https://www.youtube.com/watch?v=NPtTKXihFdg” width=”560″ height=”315″]