ანსამბლ „მარგალიტისა“ და ჰოლანდიელი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართება
15 ივლისს, 18:00 საათზე, ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების მუზეუმში ანსამბლ „მარგალიტისა“ და ჰოლანდიელი მუსიკოსების ერთობლივი კონცერტი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონცერტზე შესრულდება ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშები.
„ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ანსამბლი „მარგალიტი“ 2020 წელს დაარსდა. „მარგალიტის“ წევრებს ერთად მღერის 10 – წლიანი ისტორია აკავშირებთ. დღეს „მარგალიტი“ 14 წევრისგან შედგება. ანსამბლის რეპერტუარი ქართული ტრადიციული მუსიკის სამივე მიმართულების – საეკლესიო გალობის, ხალხური მუსიკისა და და ქალაქური სიმღერის ნიმუშებს მოიცავს. გუნდის რეპერტუარში შეხვდებით აგრეთვე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს და ქართულისა თუ სხვა ქვეყნის ტრადიციული მუსიკის არანჟირებებს. ანსამბლს გამოცემული აქვს ერთი აუდიოალბომი. დისკის პრეზენტაცია და ანსამბლის პირველი სოლო კონცერტი 2021 წლის ნოემბერში გაიმართა. „მარგალიტის“ აქტივობებში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სოლო კონცერტი, რომელიც წეროვანის დევნილთა დასახლებაში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
ჰოლანდიელი მუსიკოსებისაგან დაკომპლექტებული ანსამბლის წევრები დირიჟორისა და ფოლკლორისტის, ქეთი წიკლაურის მასტერკლასების მონაწილეები არიან.
ქეთი წიკლაურის შემოქმედებითი ურთიერთობა ჰოლანდიასთან 2010 წელს დაიწყო. 2014 წლიდან იგი ჰოლანდიასა და საქართველოში ერთდროულად ცხოვრობს და მოღვაწეობს. ჰოლანდიაში ის ივო ბოსვაიკთან ერთად ხელმძღვანელობს ანსამბლ „მერანს“. ეს ანსამბლი ასრულებს როგორც ქართული ტრადიციული მუსიკის ნიმუშებს, ისე ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს. ცოტა ხნის წინ ქეთი წიკლაურმა ჩამოაყალიბა ანსამბლი „საქართველო“, რომელშიც სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული. უახლოეს მომავალში გეგმავს ბავშვთა და მოზარდთა ანსამბლის ჩამოყალიბებასაც. 2014 წლიდან დღემდე ქეთევან წიკლაურმა არა ერთი პროექტი განახორციელა ჰოლანდიასა და საქართველოში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.