„სინამდვილეში, საქართველოს ყველაზე მთავარი სტატუსი უკვე მიანიჭეს, დასავლეთი საქართველოს რეგიონში კოორდინატორად მოიაზრებს“ – ზაალ კასრელიშვილი

რეგიონული პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსის, “კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის” თავმჯდომარის, ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, დასავლეთი საქართველოს რეგიონში კოორდინატორად მოიაზრებს. ამის შესახებ ანალიტიკოსმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.

„ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში ისევ ძიძგილაობა, დაპირისპირებაა, რომელიც გადაიზარდა შეჯიბრში – ვინ უფრო მეტად პროდასავლურია. ამ პროცესებმა, როგორც ყოველთვის, ძალიან მნიშვნელოვანი მსოფლიო პოლიტიკური პროცესები გადაფარა, რომელიც ჩვენს ქვეყანას პირდაპირ ეხება.

რაზეც ყურადღება გვინდა, გავამახვილოთ საქართველოს და ავსტრიის პრემიერების შეხვედრაა. სამწუხაროდ, არ ვიცით, პრემიერებმა ერთი ერთზე რა ისაუბრეს, ალბათ, ვერც გავიგებთ. მაგრამ ის, რაც ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჩვენი ყურით მოვისმინეთ, ძალიან საინტერესო და იმედისმომცემი იყო. სინამდვილეში, საქართველოს ყველაზე მთავარი სტატუსი უკვე მიანიჭეს. ჩვენ ამ სტატუსის მინიჭებას 1988 წლიდან ველოდებოდით, როცა კავკასიური ერთიანობის მოძრაობა პირველად დავიწყეთ და ეთნორეგიონულ პოლიტიკაზე პირველად ავლაპარაკდით. საქმე ისაა, რომ ავსტრიის პრემიერმა საქართველოს პრემიერს განუცხადა, მთელს მსოფლიოს და საქართველოს მოსახლეობას მესიჯი გამოუგზავნა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს: ჩვენ თქვენ რეგიონში საუკეთესო და საინტერესო შუამავლად მოგიაზრებთო. ანუ დასავლეთის ინტერესების დამცველი და მისი ინტერესების რეგიონში გამტარებელი, სამეზობლოში შუამავალი საქართველო იქნება. რაც იმას ნიშნავს, რომ ევროპა, შესაბამისად, მომავალში ამერიკაც საქართველოს რეგიონში კოორდინატორად მოიაზრებს. სლენგს ვიხმარ: ევროპა და, ზოგადად, დასავლეთი საქართველოს რეგიონში „მაყურებლად“ მოიაზრებს. მეორე საკითხია, რეგიონში რა იგულისხმება. თუ ვინმეს ეს მარტო ამიერკავკასია ჰგონია, ძალიან შემცდარა, მინდა, გითხრათ, რომ რეგიონში თავიდანვე შავი და კასპიის ზღვების აუზების ქვეყნებს შორის ურთიერთობა მოიაზრებოდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რამაა. ჩვენ ამას წლებია ველოდებით. ეს მიმდინარე პოლიტიკურმა პროცესებმა, საქართველოს როლის გაზრდამ გამოიწვია.

ეს ძალიან სერიოზული გზავნილი და შემოთავაზებაა. ვფიქრობთ, რომ წამზომი ჩაირთო. ამას ძალიან მალე აშშ-ს იგივე განცხადება მოჰყვება. თავისთავად ის ფაქტი, რომ აშშ-მ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმა, ნიშნავს იმას, რომ ის რეგიონში სტრატეგიულ პარტნიორად მოგვიაზრებს.

ამ განცხადების შემდეგ დარწმუნებულები ვართ, რომ თუ რაიმე ძალიან განსაკუთრებული წინააღმდეგობა არ იქნა, დეკემბერში ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივიღებთ.
მინდა, საქართველოს მთავრობას და მოქალაქეებს, თუნდაც ჯერ მესიჯის დონეზე გაჟღერებული რეგიონალური ლიდერის სტატუსი მივულოცო. ავსტრიის პრემიერი არ არის იმ სტატუსის ადამიანი, რომელსაც ამ განცხადების გაკეთება გაუაზრებლად შეეძლო. როგორც ჩანს, ეს უკვე გადაწყვეტილია“, – განაცხადა ზაალ კასრელიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები