ალექსი პეტრიაშვილმა ამბასადორიალის მონაწილეებს სიტყვით მიმართა
ალექსი პეტრიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ამბასადორიალის ფარგლებში 2014 წლის 6 აგვისტოს გამართულ პანელზე „საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხები“. სახელმწიფო მინისტრმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრის მონაწილეების წინაშე აპარატის მიერ ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის მიმართულებით გაწეული სამუშაოსა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
„ვისაუბრებთ ჩვენს უახლოეს გეგმებზე და გამოწვევებზე, რომელიც არის დაკავშირებული ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებთან. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული ამოცანები, გვინდა, რომ ელჩებთან ერთად გავიაროთ ყველა ის გზავნილი, რომელიც უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მოკლევადიან და გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება მათთვის სახელმძღვანელო ადგილობრივ ხელისუფლებებთან სამუშაოდ.
ახლოვდება ნატოს სამიტი, ჩვენ ძალიან სერიოზული სამუშაო გვაქვს ჯერ კიდევ დარჩენილი, რომ ბოლომდე მივიყვანოთ ჩვენთვის სასურველ შედეგამდე ნატოს გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა ამბასადორიალზე სიტყვით გამოსვლამდე ჟურნალისტებთან საუბრისას.
ალექსი პეტრიაშვილმა განსაკუთრებით აღნიშნა ევროკავშირთან ასოცირებისა და მისივე შემადგენელი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების ხელმოწერისა და რატიფიკაციის, აგრეთვე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების წარმატებით განხორციელების მნიშვნელობა.