ანრი ოხანაშვილი – ოპოზიციაზე: ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ ერთვება, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს
იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი ჩვენთან ერთად იჯდეს და მუშაობდეს, პოპულისტურ გზას ირჩევენ. როცა ეს პოპულისტური გზა კიდევ ერთხელ გაშიშვლდება, საზოგადოება ნახავს, რეალურად, მათ მუშაობა კი არ უნდათ, არამედ რევოლუციური სცენარები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციაში არ სურთ არც ევროკავშირის 12 პუნქტის შესრულება და არც რეფორმების განხორციელება.
“ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში არ ერთვება, ეს ადამიანები ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. მათი სიმართლე სად არის? ერთად დასხდომისკენ მოგვიწოდებდნენ, მაგრამ ახლა, როცა ვეუბნებით, რომ მზად ვართ, ცვლილებები გავატაროთ, იმის ნაცვლად, რომ ეს ხალხი ჩვენთან ერთად იჯდეს და მუშაობდეს, პოპულისტურ გზას ირჩევენ. როცა ეს პოპულისტური გზა კიდევ ერთხელ გაშიშვლდება და საზოგადოება ნახავს, რეალურად მათ მუშაობა კი არ უნდათ, არამედ რევოლუციური სცენარები, საბოლოოდ იმის ლუსტრაცია მოხდება, რომ ამ ხალხს სურს, არა ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არამედ როგორმე ისეთი სიტუაცია შექმნილიყო, სადაც დაგვადანაშაულებდნენ, თითქოს, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივა არ გვსურს და ამას სათავისოდ გამოიყენებდნენ. მათ არ სურთ არც 12 პუნქტის შესრულება და არც რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.